გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „DySoN-MultIChem 2024“ გაიმართა

8-04-2024

ნანომასშტაბის სისტემების დინამიკის შესწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე,  რადიაციის მოქმედებასა და რადიაციასთან დაკავშირებულ ახალ ტექნოლოგიებზე იმსჯელა 60-ზე მეტმა მეცნიერმა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „DySoN-MultIChem 2024“.


თსუ–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველ მეცნიერებთან ერთად მკვლევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან 5 დღის განმავლობაში წაიკითხავენ მოხსენებებს თსუ სტუდენტებისთვის. სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოისმინონ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერების მოხსენებები, მონაწილეობა მიიღონ მათთვის საინტერესო სამეცნიერო თემების განხილვაში, შეხვდნენ და გაესაუბრონ კონფერენციის მონაწილეებს.


კონფერენციის მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი მიესალმა.


„სასიხარულოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენცია მასპინძლობს. თსუ-სთვის მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაცია სამეცნიერო მიმართულებით.  კონფერენცია  შესანიშნავი შესაძლებლობაა, ჩვენი პროფესორებისთვის მკვლევრებისთვის და დაინტერესებული სტუდენტისთვის, მიიღონ ინფორმაცია მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისგან“ - განაცხადა ერეკლე ასტახიშვილმა.


როგორც კონფერენციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ანდრეი ვ. სოლოვიოვმა  (MBN სამეცნიერო ცენტრი, მაინის ფრანკფურტი, გერმანია) აღნიშნა, სამეცნიერო შეხვედრა ორ მნიშვნელოვან ღონისძიებას აერთიანებს: მე-8 საერთაშორისო კონფერენციას „სისტემების დინამიკა ნანომასშტაბზე“ (DySoN) და ევროპული გაერთიანების COST-პროგრამის მიერ დაფინანსებული CA20129 (“MultIChem“) პროექტის  მე-3 საერთაშორისო კონფერენციას, რომლის ძირითადი თემაა რადიაციის მოქმედება რთულ, მათ შორის ბიოლოგიურ სისტემებზე და რადიაციასთან დაკავშირებული ახალი ტექნოლოგიები. მისი თქმით, კონფერენცია ინტერდიციპლინურია და მისი მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს კონფერენციაში მონაწილე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მოხდეს ცოდნის და გამოცდილების გაზიარება.


DySoN-MultIChem 2024 კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარის, თსუ პროფესორ რევაზ შანიძის ინფორმაციით, ქართველი მეცნიერები კონფერენციაზე წარადგენენ თსუ-სა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგებს და მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო დისკუსიებში.


„კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების ჩართვას საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა“ -აღნიშნა რევაზ შანიძემ.


„ეს კონფერენცია არის კარგი საშუალება, რომ შევიკრიბოთ მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან და ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნანოტექნოლოგიები, რადიაციის გავლენა, რადიაციასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები, ქიმიის როლი სამყაროში. ეს კონფერენცია პირველად იმართება საქართველოში, მონაწილეები განიხილავენ კვლევის შედეგებს და არის კარგი შანსი კოლაბორაციის და გამოცდილების გაზიარების“ - განაცხადა პროფესორმა ნაიჯელ მეისონმა (კენტის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი).


DySoN ინტერდისციპლინარული კონფერენციების სერიას წარმოადგენს, რომელიც ნანომასშტაბის სისტემების დინამიკის შესწავლასთან დაკავშირებული თემების ფართო სპექტრს მოიცავს. ასეთ სისტემებს შორის არის როგორც ნანოტექნოლოგიებით შექმნილი ახალი მასალები, ასევე ბიოლოგიური სტრუქტურები, მაგალითად უჯრედი და მისი შემადგენელი მრავალატომიანი ბიო-მოლეკულები. ასეთი სისტემების სტრუქტურისა და დინამიკის დეტალური შესწავლა ფუნდამენტური და რთული ამოცანაა, რაც ახალი, უნიკალური ნანო-მასალების და სამედიცინო ტექნოლოგიების შექმნისთვის არის აუცილებელი.  


ევროპული COST CA20129 პროექტი უკავშირდება  რადიაციის გავლენის შესწავლას რთულ, მრავალკომპონენტიან სისტემებზე და რადიაციასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებს. ასეთი ტექნოლოგიების მაგალითს წარმოადგენს ადრონული (პროტონული) თერაპია. ეს ტექნოლოგია არის მკურნალობის უფრო ზუსტი, კიბოს მკურნალობის ახალი პერსპექტიული მეთოდი, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების, ამ რთული სნეულებისგან გამოჯანმრთელებას. აღნიშნულ პროექტში წარმატებით მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერები. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მშენებლობის პროცესშია ადრონული ცენტრი, რომელიც პირველი მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრი იქნება როგორც კავკასიაში, ასევე გაცილებით ფართო გეოგრაფიულ რეგიონში.


კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და  MBN სამეცნიერო ცენტრი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).