გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს: ვის ინტერესებს ემსახურებით? იქნებ იოტისოდენა თავმოყვარეობა შეინარჩუნოთ და არგუმენტებით განმარტოთ, რატომ უწოდებთ კანონს რუსულს?

10-04-2024

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს: “აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა, რატომ არის საქართველოს საზოგადოებისთვის აკრძალული იმის ცოდნა, რაც ფრანგული საზოგადოებისთვის და ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობისთვის სასარგებლო და აუცილებელია! რატომ უნდა იყოს ქართველი ხალხი მოკლებული უფლებას იცოდეს, ვინ, რა მიზნებით და რა რაოდენობით ხარჯავს ფულს საქართველოში და რამდენად ემსახურება ეს თანხები ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს!”.


კინორეჟისორი პრეზიდენტისგან განმარტებას ითხოვს, თუ რატომ უწოდებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „რუსულ კანონს“, მაშინ, როდესაც რუსეთში მოქმედი კანონი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ხოლო ქართული კანონი მაქსიმალურად ახლოსაა ევროპულთან და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება.


“ღია წერილი მადამ სალომეს


მადამ (ქალბატონო) სალომე!


ჩვენ, პროტოქართველებს გვსურს, რომ თქვენ, ევროქართველმა გვიპასუხოთ ერთ მარტივ კითხვაზე - ვის ინტერესებს ემსახურებით?

მერწმუნეთ, ეს კითხვა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აწუხებს, რომელთა წყალობითაც დღეს კიდევ იწოდებით საქართველოს პრეზიდენტად.


საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ აპირებთ გამოიყენოთ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს ვეტო დაადოთ! და თან, ეს ყველაფერი განაცხადეთ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ელჩები შეკრიბეთ რეზიდენციაში და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის პოზიცია დაგეცვათ, აქეთ არწმუნებდით მათ ამ კანონის „მავნებლურ ბუნებაში“


მართალი გითხრათ, თქვენი ეს ქმედება, არ იქნება გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ თქვენ მიერ საქართველოს კონსტიტუციის მრავალჯერად დარღვევას, რომლის ერთგულების ფიცი საჯაროდ გაქვთ დადებული და რომლის გარანტიც უნდა ყოფილიყავით. ის რომ თქვენ საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას და ქვეყანაში მშვიდობას და ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურებით, ჯერ კიდევ მაშინ გახდა ჩვენთვის ცხადი, როდესაც სამი კრიმინალი - ჟორიკა რურუა, გიგი უგულავა და ნიკოლოზ გვარამია შეიწყალეთ ქართველი ხალხის მიერ თქვენთვის მონიჭებული უფლებით ისე, რომ არც კი განგიცდიათ რა შეურაცხყოფას აყენებდით ამით ასიათასობით თქვენივე ამომრჩეველს, რომელთა ოჯახებში ეს სახელები ტანჯვასთან, უბედურებასთან, ძარცვასთან და გლოვასთან არის გაიგივებული! არც მაშინ შეგქმნიათ ოდნავი უხერხულობაც კი, როდესაც შეწყალების ეს ფურცელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაკულატურად გამოაცხადა და გვარამიას პატიმრობა სრულიად კანონიერად შეაფასა.


დაგავალეს და შეასრულეთ!


ახლაც გავალებენ და შეასრულებთ! ოღონდ იცოდეთ, რომ აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა, რატომ არის საქართველოს საზოგადოებისთვის აკრძალული იმის ცოდნა, რაც ფრანგული საზოგადოებისთვის და ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობისთვის სასარგებლო და აუცილებელია! რატომ უნდა იყოს ქართველი ხალხი მოკლებული უფლებას იცოდეს, ვინ, რა მიზნებით და რა რაოდენობით ხარჯავს ფულს საქართველოში და რამდენად ემსახურება ეს თანხები ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს! თუ ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ვინც თქვენ დარად ევროპაში, “დასავლური ღირებულებებით“ გარშემორტყმული დაიბადა?!


იქნებ იოტისოდენა თავმოყვარეობა შეინარჩუნოთ და არგუმენტებით განმარტოთ, რატომ უწოდებთ კანონს რუსულს?

მაშინ, როდესაც რუსეთში მოქმედი კანონი ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, ხოლო ქართული კანონი მაქსიმალურად ახლოსაა ევროპულთან და ის ფიზიკურ პირებს არ ეხება...


მაშინ, როდესაც რუსეთში მოქმედი კანონი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ხოლო ქართული კანონი მაქსიმალურად ახლოსაა ევროპულთან და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება...


მაშინ, როდესაც რუსეთში მოქმედი კანონით აგენტებად შერაცხული პირები და ორგანიზაციები ვეღარ ახერხებენ საქმიანობის განხორციელებას, ხოლო ქართული კანონი მაქსიმალურად ახლოსაა ევროპულთან და ის ფინანსების გამჭვირვალობას ემსახურება, საქმიანობას კი არავის უზღუდავს...


ეს ყველაფერი თქვენ ძალიან კარგად იცით, თუმცა არ მაქვს ილუზია, რომ ამჯერად მაინც მოახერხებთ არგუმენტირებულ მსჯელობაში შემოსვლას, რამეთუ „გარედან დალაგებული“ მესიჯბოქსი უკვე გააჟღერეს თქვენმა ადგილობრივმა მოკავშირეებმა და ხაზგასმით თქვეს, რომ არ აპირებენ შინაარსის განხილვას.

ახლა რაც შეეხება თქვენ სიტყვებს, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 9 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი...


თქვენი მხრიდან ამ თარიღის ხსენება ისეთივე მკრეხელობაა, როგორც ევროკავშირსა და საფრანგეთში ინიციირებული ევროპული კანონის, საქართველოში “რუსულ კანონად“ შერაცხვა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თქვენი პატრონების დავალება შეასრულოთ და ქართველ ხალხს ახალი ბატონყმობის ყულფში გააყოფინოთ თავი! ზუსტად ეს არის თქვენი და თქვენი მაქებარი „გვარამია-სამადაშვილი-სააკაშვილის“ დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი, ისევე როგორც თქვენი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელმოცარული პატრონების!


და მაინც, დაჟინებით გთხოვთ - იქნებ ჩვენთვის გასაგები ქართული ენით, არგუმენტებით აგვიხსნათ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, რადგან ფრანგული ბევრმა არ ვიცით...

მადამ სალომე, რა არის ამ კანონში რუსული?!

საქართველოს მოქალაქე

გიორგი ხაინდრავა”-აღნიშნავს გოგა ხაინდრავა.