გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ამილახვარმა „კონსტრუქტ2‘‘-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

10-04-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, აშშ-ის ელჩთან საქართველოში რობინ დანიგანთან ერთად, სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2‘‘-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი პროექტის დახურვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, „ბიქეი ჰოლდინგის‘‘ მმართველი პარტნიორები – შოთა ბერეკაშვილი და ირაკლი ბურდილაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

 

გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საუბრისას მინისტრმა პროფესიული განათლების განვითარების კუთხით ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას.

 

მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე და მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოში განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის. გიორგი ამილახვარის თქმით, სამინისტრო და აშშ-ის საელჩო საქართველოში ერთობლივად არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებენ და აღნიშნული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

გიორგი ამილახვარი: „კოლეჯ „კონსტრუქტორ2‘‘-მა, აშშ-ის საელჩოსთან ერთად, განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც საჯარო სკოლების 280 მოსწავლე იყო ჩართული.

 

პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა აქტივობებმა შეუწყო ხელი ახალგაზრდებში პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ზრდას და მის პოპულარიზაციას.

 

განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ის ფაქტი, რომ პროექტში ჩართულ ქალ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესინჯათ ძალები ისეთ პროფესიებში, რომლებსაც ძირითადად მამაკაცები ირჩევენ. აღნიშნული ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ქალთა როლის გაძლიერებას, რაც ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

კოლეჯი „კონსტრუქტ2‘‘ მართლაც არის საჯარო-კერძო პარტნიორობის ერთ-ერთი საუკეთესო თვალსაჩინო მაგალითი საქართველოში და აქვე, მადლობა მინდა, გადავუხადო „ბიქეი ჰოლდინგს‘‘ ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

 

კოლეჯში სტუდენტები იღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას. ამასთან, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, ფაქტობრივად, 100%-ს უტოლდება.‘‘

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული განათლების შესახებ სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და ქალი სტუდენტების ჩართულობის ზრდა სხვადასხვა პროგრამაში.

 

პროექტში ჩართული იყო ზესტაფონის, ჭიათურისა და ხარაგაულის 13 სკოლის 280 მოსწავლე, რომლებმაც მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობების ფარგლებში განათლების სფეროს ლიდერებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე. ამასთან, პროექტის მიმდინარეობისას ქალ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესინჯათ ძალები ისეთ პროფესიებში, როგორებიცაა: თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი, ღებვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.

 

პროექტის დახურვის ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა კოლეჯ „კონსტრუქტ2‘‘-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ადგილზე არსებული პრაქტიკის სივრცეში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნენ.

 

შეგახსენებთ, რომ კოლეჯი „კონსტრუქტ2‘‘ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და „ბიქეი ქონსთრაქშენის‘‘ საერთო პროექტია, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს სამშენებლო სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.

 

კოლეჯი ქალაქ ზესტაფონში მდებარეობს და ის, მოკლევადიან პროფესიული მომზადების პროგრამებთან ერთად, სამშენებლო მიმართულებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც ახორციელებს.

 

სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2‘‘ მსურველებს სთავაზობს პროფესიული მომზადების 11 პროგრამას სამშენებლო მიმართულებით. სწავლება ორ ეტაპს მოიცავს: 1. თეორიასა და სასწავლო პრაქტიკას კოლეჯის ბაზაზე; 2. ანაზღაურებად საწარმოო პრაქტიკას „ბიქეი ქონსთრაქშენის‘‘ მშენებლობებზე.