გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ქვრივიშვილი: თბილისის აეროპორტს ჰყავს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები - ისინი იქნებიან მთავარი გამწევი ძალა, ვისაც ოპერირების მხრივ ვაზიანის აეროპორტში წარმოვიდგენთ

10-04-2024

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი სრულად ვაზიანის ტერიტორიაზე აშენდება, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს თბილისს ორი პარალელურად ოპერირებადი აეროპორტი ექნება, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამთავრობო გუნდში მიდის მსჯელობა, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს არსებული აეროპორტის ტერიტორიის განვითარება.


„არსებულ აეროპორტს ჰყავს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები და ჩვენ ძალიან დიდი სურვილი და იმედი გვაქვს, და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება მთავარი გამწევი ძალა, მათ შორის, ოპერირების თვალსაზრისით - ვისაც ჩვენ ვაზიანის აეროპორტში წარმოვიდგენთ. რაც შეეხება ვინ იქნება ახალი აეროპორტის ოპერატორი - დღეს ალბათ ნაადრევია ამაზე საუბარი", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.


არსებული გეგმის თანახმად, ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს. განსაზღვრული გეგმის მიხედვით, ორი ფაზის განვითარების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყოველწლიურად 19 მილიონამდე მგზავრის გადაყვანას შეძლებს. ამასთან, ვაზიანის აეროპორტის ტერიტორია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი გამტარუნარიანობა გაიზარდოს.


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, თბილისის ახალი აეროპორტის პროექტის მიმართ უკვე დიდი ინტერესია მსოფლიოში მოწინავე ოპერატორი კომპანიების მხრიდან - რომ ჩაერთონ პროექტის დაგეგმარებასა და შემდგომ ოპერირებაში. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამისთვის საფუძვლიანი, სიღრმისეული კვლევები გაკეთდება - თუ ვინ შეიძლება იყოს ქვეყნის ინტერესებისთვის საუკეთესი პარტნიორი.


„რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ქვეყნის მთავარ ინტერესებზე იქნება დაფუძნებული. თუმცა, ვიტყოდით, რომ იმ ამბიციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ახალ აეროპორტში, დიდი ალბათობით, ეს უფრო მეტად იქნება გადახრილი საერთაშორისო ექსპერტიზის გამოყენებაზე, რადგან ძლიერი ოპერატორი ნიშნავს ძლიერ ექსპერტიზას. ასევე მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი, „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების" გუნდი გამოირჩევა პროფესიონალიზმით. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად სახელმწიფოს მიერაა მართული, ანუ „გაერთიანებულიო აეროპორტების" მხრიდან. ეს არის სახელმწიფოს მიერ დაქირავებული, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანთა გუნდი. ქუთაისის აეროპორტი ნამდვილად კარგი მაგალითია იმის, რომ სახელმწიფოს მიერ მართული აეროპორტი არაფრით ჩამოუვარდება კერძო ოპერატორის მიერ მართულს. ჩვენც მუდმივად ვსწავლობთ საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე", - აღნიშნავს მარიამ ქვრივიშვილი.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ამ პროექტთან მიმართებაში დიდია საქართველოს მთავრობის ამბიციები - სწორება აქვს ძალიან მაღალი კატეგორიის 5-ვარსკვლავიან აეროპორტებზე. მისი განმარტებით, პირველ წლებში სახელმწიფო ექსპერტიზა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პოტენციურ ახალ ოპერატორთან ერთად ჩვენს ქვეყანაში დაინერგოს მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტების საავიაციო ოპერირება, ერთობლივი ძალისხმევით მოზიდულ იქნან მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიები.


„როგორც ქართული, ისევე საერთაშორისო ექსპერტიზით შევქნათ ეკოსისტემა, რომელიც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის ახალი ეკონომიკური ტურიზმისა თუ ავიაციის ინდუსტრიის განვითარებისთვის", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.