გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა სამუშიამ თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

11-04-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია საერთაშორისო კონფერენციას - ქართული „ბალავარიანი“ - ბიზანტიური - „ვარლაამისა და იოასაფის ისტორია“ დაესწრო, რომელიც თსუ-ში გაიმართა.


თსუ–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის - „ვარლაამ და იოასაფის ისტორიის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართება" - ფარგლებში ჩატარდა.


ღონისძიებაზე ქართველ მეცნიერებთან ერთად მკვლევრები საფრანგეთიდან, იტალიიდან, შვედეთიდან, ავსტრიიდან და სხვა ქვეყნიდან ორი დღის განმავლობაში წაიკითხავენ მოხსენებებს საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.


კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს თსუ რექტორი ჯაბა სამუშია მიესალმა, მადლობა გადაუხადა უცხოელ მონაწილეებს კონფერენციის თემით დაინტერესებისთვის და ქართული მასალის ასეთი სიღრმისეული ცოდნისთვის. ასევე, ისაუბრა მსოფლიო ლიტერატურაში „ბალავარიანის“ მნიშვნელობაზე.


„საკვლევი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როგორც ლიტერატურული, ისე ისტორიული თვალსაზრისით. „ბალავარიანი“ ,შუა საუკუნეებში, პოპულარობით აღემატებოდა მაშინდელი მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს. თსუ პროფესორის ელგუჯა ხინთიბიძის ხელმძღვანელობით, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური კვლევა ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართების თვალსაზრისით, გამოიკვეთა საინტერესო საკითხები და არის მნიშვნელოვანი შედეგები,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.


საერთაშორისო კონფერენციაზე რექტორმა გამოთქვა ინიციატივა, რომ  ექვთიმე ათონელის  - ქართველთა განმანათლებლის ათასი წლისთავი 2025 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამორჩეულად აღინიშნოს.


კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს მოხსენებები „ბალავარიანის“ ტექსტის ისტორიულ-ლიტერატურულ მნიშვნელობაზე, არსებულ თარგმანებზე, ბერძნული და ქართული ვერსიების ურთიერთმიმართების ზოგიერთ საკითხზე.


ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არიან.