გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე აშშ–ს, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გარშემო საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს

15-04-2024

„ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ“ –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის მიხედვით უცხოელი დიპლომატები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში, გაგებით ვერ მოეკიდება იმ ფაქტს, რომ დახურულ კარს მიღმა უხოელი დიპლომატები არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ, თუმცა საჯაროდ აზრს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.


„საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის - ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენ ვაფასებთ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, მათ ყველა საფუძვლიან რჩევასა და რეკომენდაციას მომავალშიც განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდებით.


საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.


ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს - ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.


მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, ჩვენ მას გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია მოვეკიდოთ.


თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ.


გასული დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, ეს განცხადებებიც მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას.


მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა და საჯაროობა მანკიერების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა.


ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ.


დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ“ –აცხადებს ირაკლი კობახიძე.