გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა სამუშიამ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა

15-04-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა.


თსუ–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები, რომლებიც ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას ეძღვნება; ასევე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ მომზადებული 14 აპრილის მოვლენების ამსახველი პოსტერები.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ გამოფენის გახსნაზე 14 აპრილის მოვლენებზე ისაუბრა.


„სწორედ უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო ის დიდი მოძრაობა 1978 წელს, რომელიც ქართული ენის დაცვას ითვალისწინებდა. საქართველოს უახლესი ისტორია სწორედ ამ თარიღებზე არის დაფუძნებული. ქართველებმა დაიცვეს უპირველესი სახელმწიფოებრივი სიმბოლო - ქართული ენა. ამ თარიღის აღნიშვნით ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ ეპოქის მოვლენებს, რომელთაც საფუძველი დაუდეს შემდგომში საქართველოს  დამოუკიდებლობის აღდგენას,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


გამოფენის გახსნას, რომელიც თსუ-ის ბიბლიოთეკისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თსუ-ის ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, პროფესორები სტუდენტები ესწრებოდნენ.  


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, თსუ-ის ბიბლიოთეკაში ათასობით წიგნი ინახება, რომელიც ქართული ენის სიღრმეების შესწავლას ეძღვნება. „ქართული ენის დღის აღსანიშნავად, ჩვენ  გავხსენით საცავები და გამოვფინეთ ამ ლიტერატურის მცირე ნაწილი.


„განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ აკაკი შანიძის და არნოლდ ჩიქობავას დისერტაციებზე. სიმბოლურია, რომ აკაკი შანიძის დისერტაცია, რომელიც პირველი დისერტაცია იყო უნივერსიტეტში,  სწორედ ქართულ ენას ეძღვნება და უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთაგან პირველი დისერტაციის ავტორიც - არნოლდ ჩიქობავაც ქართულ ენას უძღვნის თავის ნაშრომს“,-აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტში დაცული პირველი დისერტაცია – „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირის ქართულ ზმნებში“, რომლისთვისაც აკაკი შანიძეს 1920 წლის 9 მაისს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.  ასევე, გამოიფინა უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულის არნოლდ ჩიქობავას სადოქტორო დისერტაცია – „მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში“.