გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: ამ კანონს მივიღებთ და ეს იქნება ევროპული კანონი, ისეთი, როგორიც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ბევრ ქვეყანაში და როგორსაც ახლა იღებს ევროკავშირი

17-04-2024

„დიახ ჩვენ გვეცოდინება, ვინ აფინანსებს კამპანიას, რომ პოლიციელებზე თავდასხმა არის თურმე გმირობა,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტში „უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვისას განაცხადა.


სუბარმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პარტნიორობის მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს და სწორედ ამგვარი რისკების პრევენციას მოახდენს გამჭვირვალობის კანონი.


„რაც შეეხება კანონს, მთელი ეს დღეები თქვენ საუბრობთ, რომ კანონი, რომელიც მიიღეს ევროპაში, თითქოს შეეხება მხოლოდ რუსეთს, ჩინეთს და არ შეეხება ამერიკას და ევროპულ ქვეყნებს - ეს არის ტყუილი. როდესაც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო ანალოგიური კანონი, ასამბლეის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ჩამოთვალა ქვეყნები, რომლებსაც კანონი შეეხება, დაასახელა რუსეთი, აზერბაიჯანი, ყატარი, ამერიკის შეერთებული შტატები და თქვა შემდეგი სიტყვები: „ზოგჯერ, სამწუხაროდ ამერიკა გვევლინება ძალიან ცუდ პოზიციაზე, როგორც ჩვენი პარტნიორი, როდესაც ის ცდილობს დესტაბილიზაციას და დაპირისპირებას ჩვენს საზოგადოებაში.“


აი ეს არის - შენი მეგობარი და პარტნიორი შეიძლება, ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებდეს, რაც შენს ინტერესში არ შედის და შენ ამ დროს შენი თავი უნდა დაიცვა, შენ ის უნდა ამხილო, ამისთვის კი გვჭირდება გამჭვირვალობის კანონი. როდესაც გრანტებით ფინანსდება აი ასეთი საძაგლობა - „მე ვისროლე“ [ბანერები] და პოლიციელებისათვის მოლოტოვის კოქტეილების სროლა ცხადდება გმირობად (ამას ამბობთ თქვენ), ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არის ის „მეგობარი“, ვინც ამას აფინანსებს. და გვეცოდინება კიდევაც - დღეს ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და ეს იქნება ევროპული კანონი, ისეთი, როგორიც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ბევრ ქვეყანაში და როგორსაც ახლა იღებს ევროკავშირი.


დიახ ჩვენ გვეცოდინება, ვინ აფინანსებს იმას, რომ პოლიციელებზე თავდასხმა არის თურმე გმირობა. როდესაც ვლაპარაკობთ, შეიძლება თუ არა სტრატეგიულ მეგობრის პოზიცია არ იყოს ჩვენთვის მისაღები, მხედველობაში გვაქვს შემდეგი: აშშ არის ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, ისევე როგორც აშშ არის უკრაინის სტრატეგიული მეგობარი, მაგრამ რა თქვა უკრაინის ომთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენმა [აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა]: „თუ გადავხედავთ იმ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ უკრაინის თავდაცვაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაშინ დავინახავთ, რომ უსაფრთხოების დახმარების 90 პროცენტი რეალურად დაიხარჯა აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში - ჩვენს მწარმოებლებთან, ჩვენს წარმოებაში და ამან შექმნა მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, მეტი ზრდა ჩვენს ეკონომიკაში. ასე რომ, ეს იყო ძალიან მომგებიანი ინვესტიცია და ეს უნდა გავაგრძელოთ". ეს განაცხადა ენტონი ბლინკენმა. აღმოჩნდა, რომ უკრაინაში ომი ძალიან აწყობთ ამერიკელ იარაღის მწარმოებლებს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე გაიხსენა ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მსგავსი შინაარსის განცხადება.


„ზუსტად იგივე თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა: „შეიარაღება, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ უკრაინაში, რათა თავი დაიცვას, იწარმოება ამერიკაში და ეს ყველაფერი ეხმარება ამერიკის მოსახლეობას ტეხასიდან ოჰაიომდე და არიზონამდე.“ ამიტომაც, დიახ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რას აფინანსებს საქართველოში, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ომში ჩათრევისგან, რომლისკენაც ასე ძალიან მოგვიწოდებდით თქვენ. არ იქნება ცხელი ბომბები საქართველოს თავზე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასე ძალიან გსურთ ამის დანახვა. ისიც კარგად ახსოვს საქართველოს მოსახლეობას, როდესაც ერეკლე მეფე თქვენ მოღალატედ გამოაცხადეთ მხოლოდ იმისთვის, რომ ის იცავდა საქართველოს და ქვეყნის ინტერესებს. დიახ, საქართველოს ადგილი ევროპაშია და ვიქნებით კიდევ ევროპაში“ - აღნიშნა სუბარმა.