17-04-2024
საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიურ დეკლარირებას.
„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ. არც ერთი, არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ. სინამდვილეში, კანონი არის სწორედ რომ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ასევე, ევროპულთან ერთად, ეს კანონპროექტი არის ქართული, რადგან იცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს - სახელმწიფო სუვერენიტეტს.
კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიურ დეკლარირებას. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი, ასევე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით შესაბამისი კანონები.
შარშან, გახსოვთ, იტყუებოდნენ და წელსაც, იტყუებოდნენ, თითქოს, ისედაც ყველაფერი იყო გამჭვირვალე, თითქოს სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებოდათ ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშრებით, რაც საპარლამენტო განხილვებმაც დაადასტურა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი. სინამდვილეში, ჩვენ ამოვიღეთ შვიდი ორგანიზაციის მონაცემები, შვიდი, მატ შორის ყველაზე მდიდარი ორგანიზაციის მონაცემები და გაირკვა, რომ მაქსიმუმ 18% ამ ორგანიზაციების ფინანსების იყო არა გამჭვირვალე, არამედ, ხელმისაწვდომი უბრალოდ სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტი არის საჯარო. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან.
უნდა დაისვას მარტივი კითხვა - როდესაც ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ფულის საზოგადოებისთვის ჩვენება. არის მარტივი კითხვა. ფულს იღებ, ფულს ხარჯავ, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას? რატომ არ გინდა, რომ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული. ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს - თუ ხარ კეთილსინდისიერი, იღებ ფულს, ხარჯავ ფულს, რატომ არ გინდა ხალხისთვის ამის ჩვენება? უბრალოდ პასუხი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.