17-04-2024
გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ კანონი ცუდია და არ უნდა მივიღოთ. „ლელოსთან" ერთად დადის ხოლმე და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჯობდა, ელჩს გადაემოწმებინა არასწორად გავრცელებული ინფორმაცია.
„ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დაისვა კითხვები, რომლებსაც პასუხი გავეცით. პრეზიდენტს რეაგირებაც არ ჰქონია. უბრალოდ კითხვა დასვა, მიიღო პასუხი და არ გაგვიგრძელებია საუბარი, შემდეგ გადავედით ორმხრივ ურთიერთობებზე. რაც შეეხება ბუნდესტაგის პრეზიდენტს, მან დასვა კითხვები. თქვა, რომ ბუნდესტაგში მის კოლეგებს ჰქონდათ შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით, რომ არ იყო შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან, პრინციპებთან და ა.შ. ამის შემდეგ მე გავუზიარე ჩემი არგუმენტები, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ გაგრძელდება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით.
წარმოიდგინეთ, ჩადიხართ გერმანიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან. მილიონი საკითხი აქვთ ჩვენს კოლეგებს სხვა ქვეყნებში. ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც კანცლერი მით უმეტეს, კანონს ვერ წაიკითხავს. ქართულ კანონს ვერ წაიკითხავს. მას მიაწოდეს ინფორმაცია და მან ამის საფუძველზე დასვა კითხვა.
რაც შეეხება კანცლერს, მან განაცხადა, ამას ვადასტურებ. რაც იყო არასწორად გავრცელებული ელჩის მხრიდან, ჯობდა, გადაემოწმებინა, მათ შორის ჩემთან, რადგან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. „ლელოსთან" ერთად დადის ხოლმე საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, არ ვიცი. კანცლერმა ნამდვილად ბრძანა, რომ მისი აზრით, კანონი ევროკავშირის პრინციპებთან არ იყო შესაბამისობაში. რაც არ მომხდარა ორ დანარჩენ შეხვედრაზე, ეს თქვა ნამდვილად გერმანიის კანცლერმა. რაზეც ერთი არგუმენტი მე ვუთხარი, რომ თვითონ ევროკომისიამ მოიწონა და ა.შ. მან მიპასუხა, რომ მას თვითონ ევროკომისიის და ფრანგული კანონიც არ მოსწონს. არ მოსწონს გასაგებია, მაგრამ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიღო და რჩება ევროკავშირის წევრ ქვეყნად. არავის გაუკრიტიკებია საფრანგეთი ამისთვის. ანუ გასაგებია, რომ ეს არგუმენტი არ არის.
რაც შეეხება შინაარსს. შოლცს განვუმარტე, რომ ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული გაცვლა მოსაზრებების. შემდეგ იყო საერთო შეხვედრა დელეგაციასთან ერთად, სადაც კიდევ ერთხელ წარვადგინე არგუმენტები. იქ საერთოდ არ ყოფილა დისკუსია. არსებობდა წინასწარ გამზადებული ტექსტი, რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა, ვერავის გაამტყუნებ ამისთვის და ბუნებრივია, ეს ტექსტი წაკითხული იქნა ამ ბრიფინგზე. ამიტომ ვამბობ, საჯარო დისკუსია არის მნიშვნელოვანი. არ არის სწორი, როდესაც ცალმხრივად ხდება განცხადებების გაცრცელება, მით უმეტეს, როცა ეს განცხადებები არ შეიცავს არგუმენტებს. ეს დაახლოებით იგივეა, როცა ალეკო ელისაშვილი გვერდიდან მიეპარა ერთ-ერთ დეპუტატს და დაარტყა. გვერდიდან მიპარვა არ არის სწორი. ვინმეს თუ არგუმენტები აქვს და აქვს საკუთარი პოზიცია წინ უნდა დაგიდგეს და შემოვიდეს შენთან ღია დისკუსიაში. ანუ ელისაშვილივით არ შეიძლება მოქცევა. ამიტომ ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ ერთად დავსხდეთ.
ელჩები არიან აქ წარმოდგენილი. თუ არსებობს არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს ყველაფერი ღია დისკუსიის რეჟიმში. იმედია, ელჩები ამ შეთავაზებას დათანხმდებიან. თვითონ გერმანიის ელჩი გაჰყვა ბოლნისში „ლელოს" ლიდერებს, როცა მათ ჰქონდათ პარტიული ვიზიტი. ცუდი შემთხვევაა. მე არ მინდა, ისეთი გადახვევა გავაკეთო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასწორია, პირველ რიგში, როცა თან ხაზარაძის სახლი გაქვს ნაქირავები და მერე თან დაჰყვები ხაზარაძეს ბოლნისში პოლიტიკური კამპანიის ფარგლებში. ეს უბრალოდ არასწორია. შესაბამისად, მე არ მიკვირს, რომ ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ერთ-ერთი სახე ჰყავდათ მათ დაქირავებული თარჯიმნად", - განაცხადა პრემიერმა.