გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხესა და ადიგენში ელექტროგადამცემი ხაზი შენდება – რისკები და საფრთხეები

8-10-2018

„წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იწყება, მანამდე კი მოსახლეობასთან პროექტის საჯარო განხილვები გაიმართება. სად გაივლის მაღალი ძაბვის სადენები და რა საფრთხეებზე საუბრობენ გარემოსდამცველები.

ახალციხესა და ადიგენში ელექტროგადამცემი ხაზი შენდება – რისკები და საფრთხეები

 

ახალ ელექტროგადამცემ ხაზს სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აშენებს. 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბოს, ვანის, ადიგენის და ახალციხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უნდა გაკეთდეს.

 

„წყალტუბო-ახალციხის“ ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთს ორ ქვესადგურს „წყალტუბო 500-ს“ და „ახალციხე 500–ს“ დააკავშირებს .

 

„500 კვ ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო - ახალციხეს“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის მიხედვით ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტის სამი ალტერნატიული მიმართულებაა განსაზღვრული. დოკუმენტის მიხედვით, სამივე შემთხვევაში ახალციხის და ადიგენის ტერიტორიაზე მოსახლეობის განსახლების რისკი არ არსებობს, თუმცა კონკრეტულად რომელ დასახლებებთან გავილის ხაზი ეს ზუსტად გაწერილი არ არის.

 

პირველი ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 103 კმ იქნება. პროექტის მიხედვით, ელექტროგადამცემი ხაზი სამხრეთ ფერდობზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტერიტორიებზე დაეშვება და აქედან კი ახალციხეში ქვესადგურ „ახალციხე 500–მდე“ გაგრძელდება.

 

„გეოლოგიური პირობების თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მესხეთის ქედის ფერდობებზე ანძებთან მისასვლელი გზების მოწყობასთან დაკავშირებული საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურების რისკები, რაც საჭიროებს ქმედითი შემარბილებელი ღონისძიებების გატარებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

მეორე ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 76 კმ იქნება. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ქუთაისი-ბაღდადი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზას გამოიყენებენ, თუმცა, ანძებთან მისასვლელად გზების მოწყობა მაინც გახდება საჭირო. ეს კი ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული: „მაღალი რისკები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ამ ალტერნატიული მარშრუტის დიდი მონაკვეთი განთავსებული იქნება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და შესაბამისად ზურმუხტის ქსელის ბორჯომ-ხარაგაულის კანდიდატი უბნის ფარგლებში“, – ვკითხულობთ პროექტში.

 

მესამე ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში, ხაზის სიგრძე დაახლოებით 63 კმ–ია. ხაზი მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობიდან იწყება და პირდაპირ ჩადის ქვესადგურ „ახალციხე 500–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაშიც ელექტროძაბვის გადამცემი ხაზი ახლოს გაივლის ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკთან. ამიტომ ესეც დაკავშირებული იქნება ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების მაღალ რისკებთან: „გეოსაფრთხეების თვალსაზრისით, ალტერნატიულ ვარიანტებს შორის მნიშნელოვან სხვაობას ადგილი არ ექნება“, – წერია დოკუმენტში.

აღნიშნული პროექტის განსახილველად საჯარო შეხვედრები ადიგენის და ახალციხის სოფლებში 22–დან 25 ოქტომბრამდე ჩატარდება . ორგანიზატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება.

 

„მწვანე ალტერნატივას“ პოლიტიკის ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის თქმით, მაღალი ძაბვის ხაზები დროთა განამვლობაში უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამიტომ საჯარო განხილვების დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ყურადღება მიაქციოს იმას, თუ რა მანძილით იქნება დაშორებული ელექტროგადამცემი ხაზები დასახლებულ პუნქტებთან.

 

„დავები ხშირად სწორედ აქედან მოდის. მხარეები ვერ თანხმდებიან რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული ხაზი დასახლებული პუნქტიდან. კანონმდებლობაში არსებობს აქტი, რომელიც განსაზღვრავს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე მომუშავე ადამიანების ყოფნის რეგლამენტს, თუ რა მანძილზე და რა დროის განმავლობაში შეუძლიათ იყვნენ ისინი ელექტროგადამცემი ხაზის ზეგავლენის ქვეშ. მაგრამ თუ მუდმივად ცხოვრობს ადამიანი, ამაზე აქტი არ არსებობს, სწორედ ეს იწვევს სირთულეებს. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა პროექტში დასახლებული პუნქტებიდან ხაზების დაშორებები არასწორად არის მითითებული და პრაქტიკაში ის ადამიანებთან უფრო ახლოს არის“.

 

მისი თქმით, გარდა ჯანმრთელობაზე ზეგავლენისა, შესაძლოა, სადავო გახდეს სხვა საკითხიც: „არაა გამორიცხული, ვინმეს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაიაროს ხაზმა. მაშინ ზოგს შეიძლება ჩამოერთვას ზოგს შეიძლება შეეზღუდოს ის საქმიანობა, რასაც მანამდე იმ ადგილზე აკეთებდა“.

 

სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ ვიდრე მუნიციპალიტეტებში საჯარო შეხვედრები არ დასრულდება, მანამდე კომენტარს არ გააკეთებენ: „პროექტის და მისი ღირებულების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ–გვერდზე“.

 

საჯარო განხილვები ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წევრს.



sknews.ge