8-10-2018
„აფხაზეთში ჩასვლისას თავს ისე გრძნობ, თითქოს საბჭოთა კურორტზე მოხვდი“, - ასე იწყება პოლონური გამოცემის, «Tygodnik Powszechny»-ს მიერ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია, რომელშიც აფხაზეთში ამჟამად არსებული სიტუაციაა ასახული.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ დოროთი ხრობაკის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
„სოჭი-ფსოუ-სოხუმის ავტოგზა Е97 ერთადერთი საერთაშორისო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის, შავი ზღვის პირას მდებარე აფხაზეთზე გადის. ამ გზაზე ერთი თვის წინათ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავარიაში დაიღუპა. ხმები გავრცელდა, თითქოსდა ავარია რუსეთის სპეცსამსახურებმა მოაწყეს და მათ უკან ვლადიმერ პუტინი დგასო. საერთოდ, კავკასიაში არაფერი არაა გამორიცხული, მაგრამ სიმართლეს ამ შემთხვევაში უფრო პროზაული ხასიათი აქვს: გზების მდგომარეობა და გზებზე მოძრაობის წესების დარღვევა, რაც აფხაზებს ვერ გადააჩვევ. მაქსიმალური სისწრაფე და შუა გზაზე ძროხები. პარადოქსია, ხომ? ტაქსისტი, რომელიც საქონელს შორის ლავირებს, მიხსნის, რომ ძროხები გზაზე თურმე ბუზების მოგერიების მიზნით გამოდიან - სწრაფად მიმავალი ავტომანქანით გამოწვეული ჰაერის მოძრაობა ცხოველებს ბუზებს უფრთხობს! აქ თურმე ძროხებთან შეჯახება ყოველდღიური მოვლენაა.
გენადი გაგულია სირიიდან ბრუნდებოდა - იმ ქვეყნიდან, რომელმაც ცოტა ხნის წინ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. პრემიერის დაღუპვა 1992-1993 წლებში მომხდარი ქართულ-აფხაზური ომის დასრულების 25 წლისთავის ერთ-ერთი შტრიხი გახდა. მკითხველს შევახსენებ: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს შემადგენლობაში არსებული აფხაზეთის სტატუსი გაურკვეველი გახდა. თბილისსა და სოხუმს შორის ჯერ დიპლომატიური კონფლიქტი დაიწყო (აფხაზებმა ავტონომიის გაფართოება მოითხოვეს, ქართველებმა კი უარი უთხრეს), რომელიც მოგვიანებით სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა. აფხაზეთს დახმარება რუსეთმა გაუწია: საომარი მოქმედებები საქართველოს დამარცხებით დასრულდა. დღეს სეპარატისტული რესპუბლიკის სტატუსს შეიძლება ასე ეწოდოს: „რუსეთის არაფორმალური პროტექტორატი“. მთელი მსოფლიოსათვის (რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელის, ნაურუს და სირიის გამოკლებით) აფხაზეთი საქართველოს ნაწილს წარმოადგენს, თუმცა თბილისმა მასზე კონტროლი 1993 წლის 30 სექტემბერს დაკარგა.
საბოლოო ჯამში უცნაური სიტუაცია შეიქმნა: აფხაზეთში რომ შეხვიდე, პროცედურის 4 ეტაპი უნდა გაიარო - ჯერ ანკეტა უნდა შეავსო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე, შემდეგ ელფოსტით ნებართვა უნდა მიიღო, საზღვარზე უნდა გადახვიდე და ბოლოს სოხუმში არსებულ რუსეთის საკონსულოში ვიზა უნდა მიიღო. მთავარი გამოცდა საზღვარზე გადასვლაა - ხანგრძლივი ლოდინი ორივე მხარეს, ბარგის შემოწმება და რუსი სამხედროების მკაცრი საუბარი. სტანდარტული კითხვების შემდეგ არასასიამოვნო ცნობისმოყვარეობა: „ჯარში იმსახურე? პოლიციაში ნათესავები თუ მუშაობენ? სამსახურის ზუსტი მისამართი და დამსაქმებლის ვინაობა...“. როგორც ამბობენ, ზოგიერთ ტურისტს უკან აბრუნებენ და მიზეზს არც უხსნიან.
საერთოდ, აფხაზეთის სტუმრები ბევრი აბსურდული სინამდვილის წინაშე დგებიან. სახმელეთოს გარდა, აფხაზეთში თეორიულად საჰაერო გზითაც შეიძლება ჩასვლა. სირიიდან წამოსულ გენადი გურგულიას შეეძლო სოჭში, ადლერის აეროპორტში კი არ დაშვებულიყო თვითმფრინავით, არამედ პირდაპირ სოხუმის აეროპორტში... მაგრამ პრაქტიკაში ასეთი რამ შეუძლებელია, რადგან სოხუმის აეროპორტი საერთაშორისო რეისებს არ ემსახურება და ის ავიაკომპანია, რომელიც ამ აკრძალვას დაარღვევს, მას სანქციები ემუქრება. იგივე სიტუაციაა საზღვაო ნავსადგურის მიმართაც. ბლოკადაშია აფხაზეთის ფოსტა... სამაგიეროდ, მუშაობს ინტერნეტი.
არადა, იყო დრო, როცა აფხაზეთი ტურისტებისთვის სამოთხეს წარმოადგენდა (დღესაც შეიძლებოდა ყოფილიყო). შემთხვევითი არაა, რომ პატარა აფხაზეთში, რომლის ტერიტორია ოთხჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ჩვენი მაზოვეცკის სავოევოდოს ფართობი, იოსებ სტალინის ოთხი აგრაკი იყო - სოხუმში, ახალ ათონში, გაგრაში და რიწის ტბაზე. კავკასის ბუმბერაზი მთები ზღვასთან ისე ახლოსაა, როომ მისი ხილვით ადამიანს პირდაპირ სუნთქვა შეეკვრება აღტაცებისაგან. გარდა ამისა, აფხაზეთში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმეები... დღეს კი აქ მოგზაურობა უპირველეს ყოვლისა, დროში მოგზაურობას ჰგავს - 1980-იანი წლების კურორტზე, სეზონის შემდგომ.
აფხაზეთში თითქმის ყველაფერი ომთან არის დაკავშირებული: „იცით, ჩვენთან ომი იყო“, - ამბობენ აფხაზები დანგრეულ შენობებთან დაკავშირებით. ომი მეოთხედი საუკუნის წინ დასრულდა, მაგრამ მის შედეგებისაგან დამალვა შეუძლებელია. თითქმის ყოველ ქალაქსა თუ სოფელში ომში დაღუპულების მემორიალი არსებობს. სოხუმის შედარებით ახალ მიკრორაიონში დაღუპულთა მემორიალურ დაფებს პირდაპირ მრავალსართულიან კორპუსთა კედელზე ნახავთ. ბევრგან ჭურვის კვალს შეამჩნევთ... ადრე აფხაზეთში 550 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა 240 ათასია დარჩენილი. ადგილი, რომელიც ყოველმა მეორე მსცხოვრებმა დატოვა (უმეტესად ქართველებმა), დღეს სულთა ქვეყანას გვაგონებს - ასეთი შთაბეჭდილება რჩება ოჩამჩირესა და ტყვარჩელთან, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა.
ომის ყველაზე საზარელი სიმბოლოა სოხუმის ცენტრში მდებარე ნახევრად დამწვარი მინისტრთა საბჭოს შენობა, რომელიც გადაწყდა არ აღდგენილიყო. აფხაზებს უზარმაზარი ნაგებობის გვამთან ერთად ცხოვრება უწევთ. შიგნით შენობა პოსტაპოკალიპტური ფილმის დეკორაციებს გვაგონებს: ჩალეწილი ფანჯრები, დანგრეული კიბეები, ჩაქცეული სახურავი, ნახანძრალი ოთახები...
რუსეთთან ურთიერთობის საკითხი აფხაზებისთვის საკმაოდ საჩოთიროა. რუსეთი 58%-ით ავსებს აფხაზეთის ბიუჯეტს. რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს, თავისი მრავალრიცხოვანი ობიექტებით. რუსი სამხედროები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის ზრუნავენ - ისინი აშენებენ სასტუმროებს და საცხოვრებელ კორპუსებს (გაქირავების მიზნით), ძირითადად გაგრის რაიონში, სოჭთან ახლოს. რუსები აფახზებს ეხმარებიან, მაგრამ ამას სისტემური დახმარების სახე არ აქვს: რკინიგზის სადგურები ინგრევა, ფაბრიკა-ქარხნები არ მუშაობენ (იქ ჯერ კიდევ შეხვდებით ისეთ ჩარხებს, რომლებთაც იოსებ სტალინი ახსოვთ!). ავტოგზების შეკეთებაზე ლაპარაკი ზედმეტია, შესაბამისად, ავარიაში სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენაა.
რუსი ტურისტების მომსახურება ბევრი აფხაზისათვის არსებობის წყაროს წარმოადგენს. მათი საზრუნავი ოჯახის გამოკვება და შვილების მომავლის უზრუნველყოფაა, რომლებიც სწავლას რუსეთში აგრძელებენ. ყველაზე ამბიციური და შეძლებული ოჯახის შვილები მოსკოვში მიეშურებიან. ისინი კი, ვისაც აფხაზური ჩიხიდან, უბრალოდ, თავის დაღწევა სურს - დონის როსტოვში მიდიან. სამშობლოში უმაღლესი განათლების მიღება და კარიერის გაგრძელება არავის არ უნდა.
სოხუმის ცენტრალურ ნაწილში, ავტოსადგურთან ახლოს, წყალსადენის მილია გამსკდარი და წყალი ქუჩაში მოედინება. სავალი ნაწილი გადათხრილია. ვოლგოგრადელი სტუმარი, რომელიც აფხაზეთში რეგულარულად დადის, მეუბნება: „სამი წლის წინათაც ასე იყო, აქ არაფერი არ იცვლება“. ძნელია მას არ დაეთანხმო: სოხუმში ვერ ნახავთ სამშენებლო ამწეებს (ერთადერთი სასტუმრო მხოლოდ სანაპირო ბულვართან შენდება). მზის ჩასვლის შემდეგ ქალაქი სწრაფად ცარიელდება, ქუჩაში მარტო გასვლა სახიფათოა: ბნელი, უკაცრიელი ქუჩების დანახვისას შიში გიპყრობს. მშვიდად არიან მხოლოდ მინსაბჭოს მიტოვებული შენობის შიგნით ამოსული მცენარეები, რომლებიც ნელა, მაგრამ შეუჩერებლად იზრდებიან“.