გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

26 აპრილს საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა

26-04-2024

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და USDA-SQIL პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" მხარდაჭერით, ვეტერინარებმა პროფესიული დღე მასშტაბური კონფერენციით აღნიშნეს. მონაწილეებმა 2024 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებით არსებულ ახალ რეგულაციებსა და მიდგომებზე იმსჯელეს.


აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ მიმართა.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, ჩვენს ვეტერინარებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები უმნიშვნელოვანეს საქმეს ასრულებენ - წელიწადში 6 მილიონზე მეტ მანიპულაციას ატარებენ და სერიოზული წვლილი შეაქვთ ცხოველების და, შესაბამისად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაში", - აღნიშნა კახა კაკაბაძემ.


ვეტერინარებს პროფესიული დღე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მიულოცა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად გაწეული შრომისთვის სააგენტოს სპეციალისტებს მადლობა გადაუხადა.


კონფერენციაზე მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაციები თემებზე: 2024 - მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის გაძლიერებული მიდგომის წელი; პირველადი წარმოების კითხვარი, აფლატოქსინის კონტროლი; სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ინფექციური დაავადებების კონტროლი; ახალი რეგულაციები და მიდგომები ბრუცელოზთან, ტუბერკულოზთან და ლეიკოზთან მიმართებაში.


ღონისძიებას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების - სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, თბილისის მონიტორინგის სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მეცნიერებათა აკადემიის, არასამთავრობო სექტორის, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, ვეტერინარები, ფერმერები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


ვეტერინარიის მსოფლიო დღე 2000 წელს ვეტერინარიის მსოფლიო ასოციაციის ინიციატივით დაწესდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება. ამ დღის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიის პოპულარიზაციას, აღიაროს და დააფასოს ვეტერინარების მნიშვნელოვანი წვლილი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და გაზარდოს ცნობიერება ვეტერინართა საქმიანობის შესახებ. წლევანდელი გზავნილია: „ვეტერინარი - ერთიანი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი რგოლი", რაც ხაზს უსვამს აღნიშნული დარგის როლს არა მხოლოდ ცხოველთა, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.


USDA-SQIL პროექტს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.