გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ნაფეტვარიძე: ჩანს, რომ გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა მხრიდან არის მცდელობა, კლიშეებითა და ლოზუნგებით მოხდეს მსჯელობის ჩახშობა მაშინ, როდესაც ევროპა ჯანსაღი დისკუსია და ერთმანეთის მოსაზრებების მოსმენაა

29-04-2024

მინდა, გამოვეხმაურო პარლამენტში ინიცირებულ კანონს და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს. ჩანს, რომ კანონის მოწინააღმდეგეთა მხრიდან არის მცდელობა, კლიშეებითა და ლოზუნგებით მოხდეს მსჯელობის ჩახშობა, არგუმენტებისთვის სივრცის დახურვა მაშინ, როდესაც ევროპა, პირველ რიგში, ჯანსაღი დისკუსია და ერთმანეთის მოსაზრებების მოსმენაა, - ამის შესახებ შპს „ოკკასიო ნოვას“ დირექტორი დიმიტრი ნაფეტვარიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, იგი მხარს უჭერს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს, რადგან მიაჩნია, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა რესურსები და ინტერესები მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკაში.


„თუ რაციონალური ნიადაგი გამოეცალა ჩვენს პოზიციებს და მხოლოდ სიძულვილი დარჩა, ეს ხელს შეუწყობს ნგრევას, მაგრამ აღმშენებლობისთვის უვარგისი იქნება. მეორე და მთავარი - კანონის ძირითადი იდეა არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რის გარეშეც დემოკრატია ვერ იქნება ძლიერი და რეალური ვერსად - ვერც თბილისში, ვერც ბრიუსელში, ან ვაშინგტონში.


როგორც ბიზნესმენი, მხარს ვუჭერ გამჭვირვალობას, მიმაჩნია, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა რესურსები და ინტერესები მონაწილეობს მათი ქვეყნის პოლიტიკაში. ინფორმირებული მოქალაქეები იღებენ უფრო სწორ გადაწყვეტილებებს. და მესამე - ვეთანხმები აქამდე გაკეთებულ არაერთგზის შეფასებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით.


როგორც ბიზნესმენს, მიმაჩნია, რომ დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და საკუთრების უფლება ქვეყანაში დაცულია. მიმდინარე დროში ყველა ვადევნებთ თვალს მსოფლიოში დიდ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ ძვრებს, რაც ასევე დიდ მეტანარატივთა შეტაკების პარალელურად მიმდინარეობს, რომლის შედეგად სამყარო აღარ იქნება უწინდელი და მხოლოდ ერთობით, ეროვნული და პროგრესული ძალების მობილიზებით, მუხლჩაუხრელი შრომით შევძლებთ ამ გამოწვევებთან გამკლავებას და ახალი რეალობის ჩვენს სასიკეთოდ გამოყენებას“, - წერს ბიზნესმენი.


როგორც დიმიტრი ნაფეტვარიძე აღნიშნავს, დღეს საქართველოში, სახელმწიფოს მხრიდან რეკეტისა და ფინანსური სადამსჯელო ოპერაციებისგან დაცულ გარემოში, შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა. ევროპა კი ქვეყნის ისტორიული არჩევანია და მისკენ მიმავალ გზაზე მშვიდობა და გონიერებაა საჭირო.


„ევროპული სივრცე ჩვენი ისტორიული არჩევანი და გარდაუვალი სამყოფელია. აუცილებელია ევროპაში დაგროვილ ცოდნასთან ზიარება, ფინანსებთან წვდომა, შრომის და საქმის წარმოების მათეული გამოცდილების გაზიარება. გარდა მაგისა, ყველას მოგეხსენებათ, ევროპა პირველ რიგში არის იდეა, ფასეულობათა სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემას, სხვისი სიცოცხლის, თავისუფლების, ქონების ხელშეუხებლობას, საწინააღმდეგო აზრის პატივისცემას გულისხმობს. ევროპისკენ სავალ გზაზე მშვიდობა და გონიერება გვჭირდება.


ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის და მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, ჩვენი უმთავრესი მონაპოვრის, მშვიდობისა და სტაბილური განვითარების დაცვა და მოფრთხილება. საქართველოში დღეს შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა, სახელმწიფოს მხრიდან რეკეტისა და ფინანსური სადამსჯელო ოპერაციებისგან დაცულ გარემოში. მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე - მეტი პროგრესი დაგვეხმარება ეკონომიკის გაზრდასა და კიდევ უფრო გაჯანსაღებაში. წარმატებები საქართველოს!“, - წერს დიმიტრი ნაფეტვარიძე.