29-04-2024
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ფინანსური და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომლის თქმით, ენერგეტიკის სექტორი ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიული სექტორი და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სექტორული კვლევები და შეხვედრები ენერგეტიკისა და საფინანსო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მოსაზრებების გაცვლისა, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და სექტორის განვითარების მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს.
"ენერგეტიკის სექტორის პორტფელი ბანკებში სტაბილურად დაბალი საკრედიტო რისკებით ხასიათდება. შესაბამისად, აღნიშნული სექტორის მაღალი წილი ბანკების საკრედიტო პორტფელში ფინანსურ სტაბილურობასაც უწყობს ხელს და ამცირებს მის ციკლურობას. აქედან გამომდინარე, ხელს ვუწყობთ მეტი სესხის გაცემას მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის. ასევე, ჩვენი სტრატეგიაა განვავითაროთ მდგრადი დაფინანსება და აქედან გამომდინარე, ბანკებს შესაბამის რეგულაციებს ვუქმნით, რომ მოწადინებული იყვნენ, რაც შეიძლება მეტი მწვანე ენერგეტიკული პროექტი დააფინანსონ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კვლევები და მსგავსი ტიპის ღონისძიებები, სადაც ერთი მხრივ, ენერგეტიკის ინდუსტრია და მეორე მხრივ, საფინანსო ინდუსტრია სებ-ის პლატფორმაზე ხვდება ერთმანეთს და ერთმანეთში ცვლიან მოსაზრებებს, უფრო ნათლად ხედავენ თუ რა გამოწვევების სექტორში.
"ჩვენ, ეროვნულ ბანკს კი შესაძლებლობა გვაქვს გავიგოთ, რა როლი შეგვიძლია მივიღოთ ამ გამოწვევების გადაწყვეტაში", - დასძინა მან.