გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი - ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ თვითმყოფადობას, არის პრინციპული საკითხი ნებისმიერთან ურთიერთობაში - იქნება ეს მტერი თუ მოყვარე

29-04-2024

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ გაერთიანებაში, უნდა ემსახურებოდეს უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესებს და არა პირიქით,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს. მისი განცხადებით, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის, სულიერების, სახელმწიფოს თანაშემოქმედია, რადგან ქართული ღირებულებები არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები.


„ის, რომ ჩვენ ქართულ ინტერესებს ვიცავთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ გამოვდივართ. პირიქით, საქართველოს და ქართველებს მხოლოდ მაშინ გვცემენ პატივს, როგორც თანასწორ სახელმწიფოსა და ერს, როდესაც ჩვენ მტკიცედ დავდგებით ჩვენი ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის, სულიერების, სახელმწიფოს თანაშემოქმედია - ჩვენი ვაზით, ჩვენი რწმენით, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიით. ამიტომ, ქართული ღირებულებები არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები. ამიტომ, საქართველო კი არ ისწრაფვის ევროპისკენ, საქართველო არის ევროპა. ეს უნდა გაითავისოს დიდმაც და პატარამაც, შინაც და გარეთაც. დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას - ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვენს ცხოვრებაზე უცხოური გავლენა. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ გვიპირისპირდებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სიამაყე ჩვენი თვითმყოფადობის გამო, არ გააჩნიათ ეროვნულობის განცდა და კუთვნილება ქართულ საწყისებთან. ისინი საქართველოზე უფრო მაღლა აყენებენ უცხოეთს, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, რომ ქართველმა კაცმა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი ბედი და მომავალი,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, ჩვენი ვალია, რომ მომავალმა თაობამაც გაიაზროს, რომ დამოუკიდებლობა ჩვენთვის არავის უჩუქებია, რომ მას მუდმივად ესაჭიროება დაცვა და განმტკიცება.


„ჩვენი თაობისათვის „დამოუკიდებლობა“ და „თავისუფლება“ არ არის მხოლოდ სიტყვები. ამ სიტყვებთან დაკავშირებულია ბრძოლა, მსხვერპლი, ტკივილი და დიდი სიხარულიც. ჩვენი ვალია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამაც გაიაზროს, რომ დამოუკიდებლობა ჩვენთვის არავის უჩუქებია, რომ მას მუდმივად ესაჭიროება დაცვა და განმტკიცება. საკუთარი თავის შეცნობა მართლაც მტკივნეული აღმოჩნდა და კარგად გამოაჩინა, ვინ რას უწოდებს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ სწორად გაგვიგია, სწორად შეგვიცნია რა არის საქართველო, რა არის მისი სული და ღერძი. ჩვენ ამაყი და შეუდრეკელი ერი ვართ, გონიერი და სრულფასოვანი. ამიტომაც ვართ აქ დღეს, ერთმანეთის მხარდამხარ ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გასაყვანად. მინდა, აქ მოსულ თითოეულ ადამიანს, დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს, ერსა და ბერს, საქართველოს ყველა ჭეშმარიტ მოქალაქეს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების დაცვისათვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.