« ნოემბერი 2024 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
29-04-2024
კონკრეტულ გავლენიან ძალებს ევროკავშირი წარმოუდგენიათ, როგორც არასუვერენული, სუსტი სახელმწიფოების ერთობა, რომლებიც დაცლილი უნდა იყვნენ ყოველგვარი იდენტობისგან და ღირებულებებისგან, თუმცა, სინამდვილეში, ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძლიერი, თუ ის გააერთიანებს სუვერენულ სახელმწიფოებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ქართულ საზოგადოებას აქვს მყარი ღირებულებები და სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და ღირებულებებით უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„ძალიან ამაღელვებელია ამდენი გულანთებული ადამიანის წინაშე გამოსვლა. მინდა, მოგესალმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, მშვიდობიანი განვითარებისა და ღირსეული ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, რომლებიც დღეს აქ ხართ შეკრებილნი! დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ქართულ საზოგადოებას აქვს მყარი ღირებულებები. და ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და ღირებულებებით გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კონკრეტულ გავლენიან ძალებს ევროკავშირი წარმოუდგენიათ, როგორც არასუვერენული, სუსტი სახელმწიფოების ერთობა, რომლებიც დაცლილი უნდა იყვნენ ყოველგვარი იდენტობისგან და ღირებულებებისგან. თუმცა, სინამდვილეში, ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძლიერი, თუ ის გააერთიანებს სუვერენულ სახელმწიფოებს; თუ ის გააერთიანებს ღირსეულ სახელმწიფოებს, სადაც სათანადო პატივს სცემენ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობას, საზოგადოების მორალურ ღირებულებებს. მჯერა, რომ საქართველოს, როგორც ღირსეულ სახელმწიფოს, რომელსაც მისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად ესმის დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის ფასი, შეუძლია განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ევროპული სუვერენიტეტისა და ღირებულებების განმტკიცებაში, ევროკავშირის, როგორც სუვერენული და მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობის აღორძინებაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ სახლში ევროკავშირს.
„იგივე ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ევროპული ღირებულებების დაკნინებას ცდილობენ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროპულ ოჯახში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს და ტრადიციულ ღირებულებებს კართან დავტოვებთ; თუ დავთმობთ მორალს, ეკლესიას და სარწმუნოებას; თუ დავთმობთ დემოკრატიას და სამართლის უზენაესობას; თუ დავთმობთ დემოკრატიულ არჩევნებს და სასამართლოს დამოუკიდებლობას; თუ დავთმობთ ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეფუძნა. როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ სახლში ევროკავშირს. ამიტომ, საქართველოს აქვს სრული უფლება, ჩვენ სახლში შემოსვლამდე ევროკავშირს ჩვენი სუვერენიტეტისა და ღირებულებების პატივისცემა მოვთხოვოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.