გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი მე-15 პეტერსბერგის კლიმატის დიალოგში (Petersberg Climate Dialogue) სიტყვით გამოვიდა

30-04-2024

კლიმატის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსიების ფორუმს ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ერთობლივად უმასპინძლეს. ფორუმზე მიზნობრივი ინოვაციური იდეები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა პეტერსბერგის კლიმატის დიალოგის ფორმატთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზი გაუსვა  კლიმატის მხარეთა 29-ე კონფერენციის ბაქოში ჩატარების მნიშვნელობის საკითხს.


„ეს არის კარგი შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რათა ჩვენ უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი რეგიონის გამოწვევები კლიმატის ცვლილების კუთხით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


მინისტრის პირველმა მოადგილემ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში კლიმატის ცვლილების კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობის საკითხს.


ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველო 2050 წლისათვის კლიმატნეიტრალურობისკენ ისწრაფვის, ამავდროულად, თანმიმდევრულად ასრულებს კლიმატის ცვლილების კუთხით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას.


მაღალი დონის ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა  და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.


მე-15 პეტერსბერგის კლიმატის დიალოგმა 40-მდე ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენელი გააერთიანა, მათ შორის, ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ბრიტანეთის, ამერიკისა  და აფრიკის ქვეყნების მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები, რათა განეხილათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კრიზისის დაძლევისკენ მიმართული კონკრეტული საკითხები. დიალოგი ფოკუსირებული იყო კლიმატის ცვლილების პროცესების შესარბილებლად ფინანსების მობილიზების თემაზე.

 

პეტერსბერგის კლიმატის დიალოგი 2010 წელს, გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის ინიციატივით შეიქმნა და მის მიზანს, ყოველწლიურად შერჩეული სახელმწიფოების გაერთიანებით, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციებზე (COP) წარმატებული მოლაპარაკებებისთვის მომზადება წარმოადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ ფორუმის სახელწოდება პირველი კლიმატის დიალოგის ჩატარების ადგილს უკავშირდება, რომელიც ბონში, პეტერსბერგის მთაზე მდებარე ამავე სახელწოდების სასტუმროში გაიმართა. მას შემდეგ მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსიების ფორუმი ყოველწლიურად ბერლინში იმართება.