გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი საქართველოსა და უდაბნოში დასჯილ მოსეზე: ჩვენც იგივე არ დაგვემართოს, არ მოვკვდეთ ამდენი ხნის ხეტიალის გამო უდაბნოში და საკუთარი მცირედმორწმუნეობის გამო

1-05-2024

„დღეს შეკითხვაც კი: „გვეშველება რამე“ - მცირედმორწმუნეობის ყველაზე მკაფიო მაგალითია“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ბიბლიურ ეპიზოდს ადარებს, რა დროსაც უდაბნოში მყოფი მოსე ღმერთში ეჭვის შეტანის გამო, ანუ მცირედმორწმუნეობის გამო, დაისაჯა.


„ახლა კი ჩვენზეც ვილაპარაკოთ და ჩვენს ძირითად „აქილევსის ქუსლზე“ - მცირედმორწმუნეობაზე. დიდი მოგზაური არ გახლავართ, მაგრამ ერთ-ერთი წარუშლელი შთაბეჭდილება იორდანიამ დატოვა ჩემზე და მათ შორის, ნეროს მთამ - ადგილმა, სადაც უფალმა 40-წლიანი ხეტიალის შემდგომ უდაბნოში დატოვა მოსე და მდინარე იორდანეს გადალახვის უფლება არ მისცა, მოსეს (!) მცირედმორწმუნეობის გამო. მონობიდან თავისუფლებისკენ მიმავალი ებრაელები პერიოდულად უჯანყდებოდნენ მოსეს, ენატრებოდათ ეგვიპტე და ლაქიაობა, სისტემატურად ეწუწუნებოდნენ ღმერთს და ზეციური ღვთაებრივი მანანას გემოს უწუნებდნენ ეგვიპტურ შემწვარ თევზთან შედარებით. ერთხელაც კვლავ ძლიერ მოსწყურდათ უდაბნოში...


ებრაელებს მალევე დაავიწყდათ, რომ ღმერთმა მათ უკვე ორჯერ მისცა წყალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლაც არ დატოვებდა მათ გასაჭირში, მაგრამ მაინც ხმაურით დაიწყეს მოსესა და აარონის გაკიცხვა და ყვირილი: „რატომ აქამდე არ დავიხოცეთ? თქვენ ალბათ ამ უდაბნოში სპეციალურად ჩაგვიყვანეთ ჩვენი და ჩვენი პირუტყვის მოსაკლავად! არ არის არც პური, არც ხილი, არც წყალი!” მოსე და აარონი შევიდნენ სამლოცველო კარავში, დაეცნენ მიწაზე და დაიწყეს ღვთისადმი ვედრება.


ღმერთმაც შეისმინა მათი ლოცვა: „აიღე შენი კვერთხი, უთხრა ღმერთმა მოსეს, დაუძახე ხალხს და ყველას თვალწინ უთხარი კლდეს, რომ წყალი მოგცეს". ებრაელებზე ჯერ კიდევ განრისხებულმა მოსემ, როცა კლდეს მიუახლოვდა, გაბრაზებულმა თქვა: „ნუთუ ამ კლდიდან წყალს მივიღებთ?" და ორჯერ დაარტყა ქვას კვერთხი. და რა? კლდიდან წყალი გადმოვიდა, თანაც იმდენი, რომ საკმარისი იყო ყველასთვის: ხალხისთვისაც და პირუტყვისთვისაც.


მოსე კი, რადგან ღმერთში ეჭვი შეიტანა, ხალხის წინაშე თქვა, რომ კლდიდან წყლის მიღება შეუძლებელი იყო სწორედ თავისი სიტყვებისთვის და კვერთხის ქვაზე ხელმეორედ ჩარტყმის გამო, ანუ მცირედმორწმუნეობის გამო, დაისაჯა. ღმერთმაც უთხრა, რომ ის არ შევიდოდა ქანაანის ქვეყანაში, მაგრამ მოკვდებოდა უდაბნოში. ჩვენც იგივე არ დაგვემართოს, არ დავიხოცოთ ამდენი ხნის ხეტიალის გამო უდაბნოში და საკუთარი მცირედმორწმუნეობის გამო, თავისუფლებას არ ვეღირსოთ. დღეს შეკითხვაც კი: „გვეშველება რამე" - ამ მცირედმორწმუნეობის ყველაზე მკაფიო მაგალითია. ნუ იყოფინ ასე ჩვენდა!“ - წერს დავით ქართველიშვილი.