10-10-2018
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდანტს, სალომე ზურაბიშვილს იმ ადამიანების გაერთიანება შეუძლია, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან.
ეს განცხადება მან მარნეულში ამომრჩეველთან შეხვედრისას გააკეთა.
“სალომე ზურაბიშვილს შეუძლია და იცის თუ როგორ შეინარჩუნოს და როგორ გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც დღეს გარკვეული პოლიტიკური ნიშნით არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ამიტომ, თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ ორ მოცემულობას შორის - დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა. ჩვენი შვილების მომავალი თუ ჩვენი შვილების ცხოვრება არეულ ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმ ორ ძალას შორის, რომელიც დღეს საქართველოში მთავარი პრინციპის გამო ერთმანეთს უპირისპირდება - ეს არის ადამიანის უფლებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მარნეულის რაიონის, ისევე, როგორც მთელი რეგიონის მოსახლეობა, სიღრმისეულად გაანალიზებს შექმნილ ვითარებას არა მარტო საქართველოში, არამედ საერთოდ რეგიონში და მსოფლიოში და მიხვდება, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი. ერთად საქართველოსთვის -ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი,” - განაცხადა გია ვოლსკიმ.