გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოში ბიზნესისთვის სტაბილური, კომფორტული და პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი

2-05-2024

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალვადიან პერიოდში 5%-ზე მეტი იქნება. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ შიდა და საგარეო პოზიტიური ფაქტორების თანხვედრით, არამედ შედეგია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების, რომელთაც ვატარებთ. მთავარია ის, რომ საქართველოში ბიზნესისთვის სტაბილური, კომფორტული და პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ საპანელო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.


აღნიშნული სესია შეეხებოდა საქართველოს სტრატეგიული უპირატესობების გამოყენებას რეგიონული განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის მშენებლობის პროცესში.


მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც იდგა საქართველო პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში, აგრეთვე იმ ეგზოგენულ რეგიონულ ფაქტორებზე, რომლებსაც ქვეყნის მთავრობამ წარმატებით გაართვა თავი, რაც 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში აისახა, შემდეგ კი აღნიშნული დინამიკა წარმატებით გაგრძელდა.


ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, 2022 წელს საქართველოში 2 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რამაც მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 8% შეადგინა, რაც, მინისტრის მოადგილის შეფასებით, რეკორდული მაჩვენებელია. ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა გაზრდილ ექსპორტსა და აღდგენილ ტურიზმის ინდუსტრიაზე.


მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის განვითარებასა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. მისი თქმით, როგორც საქართველო, ასევე დერეფნის სხვა ქვეყნები მეტ ინვესტიციას ახორციელებენ შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, გარდა ამისა, მისი თქმით, ისინი მუშაობენ სასაზღვრო ბარიერების მოხსნაზე, ტარიფების შემსუბუქებასა და უნიფიცირებაზე, რადგან შუა დერეფანი მულტიმოდალურია და მოიცავს განსხვავებულ ტრანსპორტსა და გადაზიდვის საშუალებებს, როგორებიცაა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები.


„საქართველოს ბუნებრივი მდებარეობა ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის მნიშვნელოვან მოთამაშედ ხდის - ფაქტიურად, ჩვენ ვართ საზღვაო კარიბჭე დერეფნის მეორე მხარისთვის და უზრუნველვყოფთ სატრანსპორტო მარშრუტს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის. ჩვენ რეალურად ვაკავშირებთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას. ეს უპირატესობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გვთავაზობს. შესაბამისად, უკვე დაგეგმილია მთელი რიგი ინიციატივებისა და აქტივობებისა დერეფნის პოტენციალის შემდგომი განვითარებისთვის," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.


მინისტრის მოადგილემ საქართველოს კიდევ ერთ უპირატესობად დაასახელა წარმატებული სავაჭრო პოლიტიკა, რომლის წყალობითაც საქართველოს, რომელიც გამოირჩევა მცირე ბაზრით და დაბალი მსყიდველუნარიანობით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გამომდინარე გლობალური სამომხმარებლო ბაზრის თითქმის 1/3 - თან აქვს წვდომა. „საქართველო ერთერთი წამყვანი ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთვის სიმსუბუქით. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული რეგულაციები, კანონის უზენაესობა, ბიზნესის კეთების სიმარტივე. სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ასახული დადებითი ფაქტორი ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, განიხილოს საქართველო, როგორც დანიშნულების ადგილი საკუთარი ბიზნესის გასახსნელად. საქართველოში ასევე ძალიან მაღალია რეინვესტირების მაჩვენებელი, რომელიც 65%-ს აღემატება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ბიზნესი საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება იმ შეთავაზებების რეალურობაში, რასაც ჩვენი ქვეყანა მათ სთავაზობს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


ირაკლი ნადარეიშვილმა გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის მიერ ბიზნესის ხელშეწყობის, სტარტაპ-ეკოსისტემის, კაპიტალის ბაზრის განვითარების პროგრამებზე.