6-12-2017
სოფელ ოფშკვითში, ცივი იარაღით გულში მიყენებული ჭრილობის შედეგად 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი თანაკლასელი და მეგობარია. ი.ტ. პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
რა მოხდა სოფელ ოფშკვითში, - თანასოფლელებთან, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ბრალდებულის ახლობლებთან ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, რა გახდა "საქმის გარჩევისა" და ტრაგედიის მიზეზი.
17 წლის თორნიკე საღამოს, ორ მეგობართან ერთად, კომპიუტერით ერთობოდა. სატელეფონო შეტყობინების მიღების შემდეგ, სამივე სახლიდან ისე გავიდა, რომ არაფერი დაუბარებიათ.
მათ სასაფლაო ჩამოიტოვეს და სოფლის განაპირა მინდვრისკენ წავიდნენ. იქ ბიჭებს შეტყობინების ავტორი, თორნიკეს ყოფილი კლასელი ელოდა.
გარდაცვლილის ბებია: "სამსახურიდან დაბრუნდა, ისადილა და სახლში მეგობრებთან ერთად კომპიუტერს თამაშობდა. უცებ სამივე ადგა და გარეთ გავიდა. ცოტა ხანში გაგვაგებინეს, რომ დაჭრილია და საავადმყოფოშია. გავიქეცით და იქ გვითხრეს, რომ გზაში გარდაიცვალა."
ნათესავები ყვებიან, რომ მეგობრებს შორის საქმის გარჩევა ხმამაღალი საუბრით დაიწყო. ამას ბრალდებულის მხრიდან გარდაცვლილის მისამართით გინება მოჰყვა. გინებით შეურაცხყოფილმა თორნიკემ მეგობარს ხელი გაარტყა. საპასუხო დარტყმის მერე 17 წლის მოზარდი ჩაიკეცა. "მგონი დამჭრეს", - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო. მეგობრებმა ის ჯერ ახლომდებარე სახლში გადაიყვანეს და 112-ზე დარეკეს. თუმცა, სასწრაფოს და პოლიციას არ დაელოდნენ. დაჭრილი თანასოფლელის ავტომობილით ქუთაისში წაიყვანეს და სამედიცინო დახმარების ჯგუფს გზაში შეხვდნენ.
გარდაცვლილის მეზობელი: "აქვე მოხდა მკვლელობა, სახლიდან ოდნავ მოშორებით. ჩვენ იმ ღამეს არაფერი გაგვიგია, იქ დასახლებული ადგილი არაა და ხმას ვერავინ გაიგებდა. ფეხით ჩამოუვლიათ ეს ვიცი. გარდაცვლილს ორი ბიჭი ახლდა, ის მარტო ყოფილა. ჯერ უკამათიათ, მერე ეს დავარდნილა, "მგონი დამჭრაო". ბიჭებს აქვე ახლოს მეზობლის სახლში მიუყვანიათ, სასწრაფოს გამოუძახეს, თუმცა მანამდე მანქანაში ჩასვეს და სასწრაფოს გზაში შეხვდნენ. სასწრაფოს მანქანაში გარდაცვლილა."
ამასობაში ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა. მისი ოჯახის წევრები სახლში მშვიდად ისხდნენ და საქმიანობდნენ.
ბრალდებულის ბებია: "საღამოს სახლში ვიყავით. ჩემი შვილიშვილი ოთახში ტელევიზორს უყურებდა. ჩვენ აქეთ ოთახში სიმინდს ვფშვნიდით. უცებ, ატყდა ხმაური, შემოვარდა პოლიცია და მეუბნება შენი შვილიშვილი სად არისო. ვუთხარი, რომ ოთახში იყო. პოლიციელებმა მითხრეს, რომ ბიჭი მოკლა. როდის გავიდა სახლიდან არ ვიცი, არაფერი გამიგია. პოლიციამ გვითხრა დანით დაჭრაო. სახლში რაც დანები გვქონდა პოლიციამ ყველა შეამოწმა და ყველა ადგილზე იყო. საიდან ჰქონდა დანა არ ვიცი."
ბრალდებული იმ ღამეს სახლში აღარ მიბრუნებულა. შემთხვევიდან რამდემინე წუთში ის თბილისისკენ გაემართა.
ერთი კვირით ადრე
2017 წლის მარტიდან ბრალდებული, ძმასთან და მამასთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ოჯახი ამბობს, რომ სკოლიდან გასვლის შემდეგ ძმები დედაქალაქში დასაქმდნენ. ი.ტ. სოფელში მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე დაბრუნდა.
ეჭვმიტანილის ბებია: "წყალტუბოში კომისარიატში იყო დაბარებული. ჯარში უნდა წაეყვანათ, მაგრამ ხელზე ორი წერტილის გამო არ წაიყვანეს."
ზუტად არავინ იცის თორნიკე თბილისიდან ჩამოსულ ძველ თანაკლასელს სად შეხვდა, თუმცა მკველობის შემდეგ გაარკვიეს, რომ ბიჭებმა ორ გოგონასთან ერთად ქუთაისში მანქანით გაისეირნეს. სოფელში არც ამ გოგონების შესახებ იციან რამე. თუმცა, ამბობენ, რომ ერთ-ერთ მათგანს მკვლელობაში ბრალდებულმა მობილური მოპარა. გოგონამ ეჭვი სწორედ ბრალდებულზე მიიტანა და ტელეფონის დასაბრუნებლად სახლში მიაკითხა.
ეჭვმიტანილის ბებია: "იყო კი ის გოგო აქ მოსული. რად უნდოდა ჩემს შვილიშვილს მისი დამტვრეული ტელეფონი. გოგომ თავიდან თქვა, რომ გარდაცვლილმა მიასწავლა მისამართი, მერე უარყო. ვინ არის არ ვიცი, არ ვიცნობ. როგორც ვიცი, ეს ტელეფონი მას მანქანაში დაუვარდა და გარდაცვლილმა მისცა ჩემს შვილიშვილს."
გარდაცვლილის მეზობელი: "როცა თორნიკეს გარდაცვალების ამბავი გავიგეთ, ვიფიქრეთ, ავარიაში მოყვა. ვერ წარმოვიდგენდით, ჩვენ სოფელში ასეთი რამე თუ მოხდებოდა. მით უფრო ვერ წარმოვიდგენდით, თუ თორნიკეს ი. მოკლავდა."
რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი, სოფელმა მეორე დღეს გაიგო. ფაქტები სატელეფონო შეტყობინებებით დაალაგეს.
გაირკვა, რომ ბოლო შეტყობინება, რომელიც გარდაცვლილმა ბრალდებულისგან მიიღო, მუქარის შემცველი იყო. ბრალდებული მას ლანძღავდა და ქუთაისში, იმ ბინაში შეხვედრას სთხოვდა, რომელიც თორნიკეს დედამ შეუძინა. გარდაცვლილის უარის შემდეგ, ალტერნატიულ ადგილად, სოფლის განაპირა მინდორი შეარჩია.
გარდაცვლილის ბებია: "ემუქრებოდა, ლანძღავდა, რატომ უთხარი იმ გოგოს სად ვცხოვრობო. ძალიან ბინძური სიტყვებით ლანძაღავდა. ეს რომ მცოდნოდა, როგორ გავუშვებდით. მერე გავიგეთ, რომ თურმე მის მეგობარს ტელეფონზე მოუწერია, შემხვდი, საქმე გავარჩიოთო."
ბრალდებულის ოჯახიც იმავეს ამტკიცებს. მათი თქმით, არაფერი იციან სატელეფონო შეტყობინებებისა და მუქარის შესახებ, არც დაკავებული უნახავთ, არც ის იციან რა მუხლითაა მის მიმართ საქმე აღძრული, ან სად და რა ვითარებაში დააკავეს.
ის, რაც ბრალდებულის ოჯახისთვის უცნობია, მთელმა სოფელმა მკვლელობიდან მეორე დილით შეიტყო.
გარდაცვლილის ბიცოლა: "თბილისში დააკავეს დილით. პოლიციამ გვითხრა, რომ გამვლელ მანქანას დაემგზავრა. იმ მძღოლს რომ სცოდნოდა რა გააკეთა, თავისი ხელით მოკლავდაო."
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მკვლელობიდან მეორე დღეს მოხდა, გარდაცვლილის დედას უკავშირდება. ის ერთადერთი შვილის გამო, რამდენიმე წელია, სამუშაოდ თურქეთში დადის. მკვლელობის დღეს საქართველოში არ იმყოფებოდა. უთხრეს, რომ დედა ავად გაუხდა და უნდა ჩამოსულიყო.
გადაცვლილის დედა: "ავტობუსით წამოვედი. გზაში ფეისბუქით გავიგე, რომ სოფელ ოფშკვითში 17 წლის ბიჭი მოკლეს. მძღოლს ვუთხარი მგონი ჩემი შვილიათქო. მძღოლმა ტელეფონი გამომართვა, თურმე მას ყველაფერი სცოდნია. ერთადერთი შვილი მყავს, და-ძმასავით ვიყავით. ჩვენი ყოველი დილა ერთმანეთის მოკითხვით იწყებოდა. "ჩემო სიხარულოო" სულ ასე მწერდა."
ეჭვმიტანილის ცხელ კვალზე დაკავების შესახებ პოლიციამ ინფორმაცია 2 დეკემბერს გამოაქვეყნა. თორნიკეს ოჯახი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა საქმის შესახებ ყველა დაკითხა. მათ შორის, ის ორი მეგობარი, რომელიც გარდაცვლილს მკვლელობის ღამეს ახლდა. მათთან გასაუბრება ვერ შევძელით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიციამ მათ საქმის დეტალების გახმაურებისგან თავის შეკავება ურჩია.
დამატებით ინფორმაციას არ გვაწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პროკურატურამ დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა, სასამართლომ კი სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ი.ტ. ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წყარო: "ქუთაისიპოსტი"