3-05-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები და გარკვეული პოლიტიკური ძალები გეგმავდნენ შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენელთა ფორმების ჩაცმას და ინფორმაციის გავრცელებას, თითქოს, პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან.
„გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე, სხვადასხვა მედიის საშუალებით მიმართავენ პოლიციელებს და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს.
იმის გამო, რომ მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, აქციის მხარდამჭერები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ღიად სვამენ კითხვებს, იმის თაობაზე თუ როგორ არის შესაძლებელი პოლიციის უნიფორმისა და ეკიპირების მოძიება. მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართალდამცველთა პროფესიულ საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.