5-05-2024
„გუშინ აღდგომა ღამეც არა მხიარულ, საზეიმო, არამედ დამცინავ პერფორმანსში გადაიყვანეს „შინევროპელმა“ ბავშვებმა. დარწმუნებული ვარ, არა საკუთარი ფანტაზიით, არამედ გამოცდილი „ქოუჩების“ შთაგონებით“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქაშვეთის ტაძართან შეკრებილი აქციის მონაწილეების შესახებ.
ქართველიშვილის თქმით, ვისაც როგორ შეეძლო, ყველა „აუვარდა უფალსა“, თანაც ისეთი მრავალფეროვანი ფანტაზიით, ეშმაკს აზრადაც რომ არ მოუვიდოდა.
„აღდგომამდე მოვყევი პატერიკი - ლიტანიობამდე არ მისული როგორ არღვევდა დიდმარხვას ბერი: თავის გავარვარებულ ხელის გულზე კვერცხს წვავდა. გაოგნებული იღუმენის შეკითხვას - „რასაჲ შვრებიო?“- ეშმაკმა შემაცდინაო, მამაო. იქვე კუთხეში მყოფმა არანაკლებად გაოგნებულმა ეშმაკმაც კი უპასუხა: „რას ამბობ მამაო, მე ეგეთი რაღაც აზრადაც ვერ მომივიდოდაო!“. შუამთის დედათა მონასტრის რუს მონაზონ-მგალობელზეც მოგიყევით, ცისკრის საგალობელში: „აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ...“ - პირველ სიტყვას ვერ იგებდა და „აუვარდებით“-ს გალობდა. რაზეც დედა-იღუმენიამ უპასუხა: „აუვარდები დედაო და კარგ ჩიტსაც დაიჭერ“.
გუშინ აღდგომა ღამეც არა მხიარულ, საზეიმო - არამედ დამცინავ პერფორმანსში გადაიყვანეს „შინევროპელმა“ ბავშვებმა. დარწმუნებული ვარ, არა საკუთარი ფანტაზიით, არამედ გამოცდილი „ქოუჩების“ შთაგონებით. ზოგი ტაძრის ცენტრში დაბრძანებულ გარდამოხსნას ემთხვეოდა ევროკავშირის დროშაში გახვეული, ზოგი შეღებილ კვერცხს ტეხდა რაღაც „შინევროპული“ შინაარსით, ზოგი ამ კვერცხს „ტრანსგენდერული ხილვადობის“ ფერებში იღებავდა. მოკლედ, ვისაც როგორ შეეძლო - ყველა „აუვარდა უფალსა“, თანაც ისეთი მრავალფეროვანი ფანტაზიით, ეშმაკს აზრადაც რომ არ მოუვიდოდა. ამით მკვდრეთით აღდგომილ უფალს ავნეს რამე, თუ საკუთარ ფეხში გაისროლეს? თქვენზე, ბავშვებო, დაპირებისამებრ - მაინც ვილოცებ. მაგრამ, თქვენს „ტრენერებს რააა?“ - არასწორად გაიფიქრეთ: „ქრისტეს აღდგომა!!!“. მაგრამ, ეს დღეს - ხვალ ვნახოთ...“, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.