11-10-2018
10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ეს დღე ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მობილიზებას ემსახურება. ამასთან დაკავშირებით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს “ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის” წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების შესახებ ისაუბრეს. მას ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის” დირექტორი მარინე კურატაშვილი და გამგეობის წევრი ნატალია ჩირიკაშვილი უძღვებოდნენ. როგორც მარინე კურატაშვილმა თქვა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე მსოფლიოში 26 წელია აღინიშნება, ხოლო ზუგდიდი წელს პირველად შეუერთდა. მისი ინფორმაციით, წლევანდელი წელი ახალგაზრდების ფსიქიკურ პრობლემებს ეძღვნება და ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით გამახვილდება.
„ეს დღე პრაქტიკულად ყოველ წელს აღინიშნება. ამ თარიღს ასეთი ფართო მასშტაბით ზუგდიდი წელს პირველად შეუერთდა. წლევანდელი 10 ოქტომბერი ეძღვნება ერთ კონკრეტულ თემას - ახალგაზრდები და ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებად სამყაროში. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო განიხილავს იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს აღენიშნებათ და ეს პრობლემები განსხვავდება ბავშვების ან მოზრდილი ადამიანის პრობლემებისგან“, - აღნიშნა კურატაშვილმა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სათემო ჰოსპიტალგარე მომსახურებაზე და დღის აქტივობების სარეაბილიტაციო ცენტრების საჭიროებაზე ისაუბრეს.
„მეორე თემა, რაზეც შევიკრიბეთ, ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი სათემო სერვისების დანერგვა და განვითარება ზუგდიდში. ეს იქნება ისეთი დაწესებულება, რომელიც პაციენტს არ აიძულებს, იყოს მუდმივად სახლში. ცენტრი მათ სთავაზობს საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას, თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემა, მიდის სარეაბილიტაციო ცენტრში, იღებს სათანადო მომსახურეობას და ბრუნდება სახლში. ამით მას ექმნება საურთიერთობო წრე, თავს გრძნობს უფრო სრულფასოვნად და ხდება მისი დაბრუნება საზოგადოებაში. ამასთან, ცენტრში მას აცნობენ დაავადების სპეციფიკას, ასწავლიან საკუთარი დაავადების მართვას და თავის მოვლას. იჩენს ახალ მეგობრებს და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს“, - თქვა კურატაშვილმა.
საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნული ცენტრის დასაფუძნებლად თანადაფინანსების მოთხოვნით პროექტი ზუგდიდის მერიას უკვე გადასცა.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, აღნიშნული ცენტრი, რომლის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდათ, მნიშვნელოვანია და მის დაფუძნებას მიესალმებიან.