გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ნაცი ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს

10-05-2024

ნაცი ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს; ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი ნაციონალები, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გულწრფელი ახალგაზრდებისადმი მიმართულ ღია წერილში აცხადებს.


პრემიერი საუბრობს ერთ-ერთი მისთვის ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის „ფეისბუკ"-პოსტების შესახებ, რომელსაც არცერთი ოპოზიციური აქცია არ გამოუტოვებია.


„ამ ახალგაზრდამ საქართველოს მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაც მოითხოვა. მაშინაც კი არ დაუხევია უკან, როცა ბაიდენმა და ჯონსონმა თქვეს, უკრაინაში ჩვენგან მოხალისეების წასვლას რეკომენდაციას არ ვუწევთ, რადგან არ გვინდა, ნატო რუსეთთან ომში ჩაებასო. მეტიც, ომისკენ ღიადაც იქაჩებოდა და გიგაურის განცხადება გააზიარა: რუსეთი უკრაინაში ომს აგებს, ყველა მიმართულებით ომს ვერ დაიწყებს და შესაძლებლობის ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო. ეს ახალგაზრდა, რომელიც, ზოგადად, თავს ვალდებულად მიიჩნევს, ყველაფერ რუსულზე გაღიზიანდეს, საერთოდ არ გაღიზიანდა, როდესაც კიდევ ერთმა „მსოფლიო გმირმა", დავით არახამიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მას რუსულ ენაზე მიმართა. აქედან ჩანს, რომ ნაცი ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს. ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი ნაციონალები, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ. ამ და სხვა ნაციონალებმა საკუთარ თავს დააჯერეს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი არა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ გახდა. ასეა ნაცის ტვინი მოწყობილი - ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს. ამიტომ, მისთვის რუსულზე გაღიზიანებაც შერჩევითია. 2022 წლის 1-ელ მარტს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ გადაირია, როდესაც სანქციების არდაწესებისა და მებრძოლების არგაგზავნის საბაბით, „მსოფლიო გმირმა" ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. „მრცხვენია, რომ ქართველი ვარ" - ასე გამოეხმაურა ეს ახალგაზრდა ზელენსკის დემარშს. კითხვაც კი არ გასჩენია, რატომ უნდა გაეწვია ზელენსკის ელჩი საქართველოდან, როცა ომის დაწყებიდან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელჩი ბელარუსიდანაც კი არ გაუწვევია. არც დაფიქრდა, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი პოდოლიაკისა და დანილოვის პირდაპირ მოწოდებებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. იმაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, რომ პოდოლიაკისა და დანილოვის ამ განცხადებებზე ოდნავი პროტესტიც კი არ გამოუხატავს", - აცხადებს პრემიერი.


ირაკლი კობახიძის შეფასებით, გულწრფელი ახალგაზრდის ანალიტიკური ამბიციები მწვერვალებს მისწვდა, როდესაც დღის წესრიგში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი დადგა.


„საზოგადოებას მრავლად გავუზიარეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეები და მეორე ფრონტის მსურველები კანდიდატის თემას შანტაჟისთვის იყენებდნენ. ყველას გავუზიარეთ ინფორმაცია ბაკურიანის შეხვედრის შესახებ, სადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა" - პარტიები, ენჯეოები და ტელევიზიები შეიკრიბნენ და დაგეგმეს, როგორ უნდა მოეწყოთ რევოლუცია, როდესაც (ხაზს ვუსვამ - როდესაც და არა თუ) ივნისში კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებდნენ. ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა პირველი გავიდა აქციაზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. მან ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა და კითხვაც არ დაუსვამს იმაზე, თუ რატომ არ მიანიჭეს სტატუსი საქართველოს და მიანიჭეს მოლდოვას, რომელიც დსთ-ს წევრია, რუსეთთან სანქციებს თავადაც არ მიუერთდა და თუკი რაიმეთი გამოირჩევა, კორუფცია და გაუმართავი სახელმწიფო ინსტიტუტებია.


გულწრფელ ახალგაზრდას კითხვები მაშინაც არ გასჩენია, როდესაც ევროკომისიამ რამდენიმე თვეში ქულებით შეფასება გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ საქართველო კანდიდატ მოლდოვასაც და კანდიდატ ბოსნიასაც დიდი უპირატესობით უსწრებდა. გულწრფელმა ახალგაზრდამ მაშინ გააზიარა ნაციონალი პოლიტიკოსების, „ენჯეოშნიკების" და ჟურნალისტების განცხადებები იმის შესახებ, რომ სტატუსის ვერმიღებით საქართველომ 14 მილიარდი ევრო დაკარგა და ქვეყანამ მყისიერი გამდიდრების შანსი გაუშვა ხელიდან. წელიწად-ნახევარში ეს გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ არ გაბრაზებულა, როდესაც იმავე ადამიანებმა მას უთხრეს, რომ თურმე, კანდიდატის სტატუსი არავითარი ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლის მომცემი არ ყოფილა", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.


ირაკლი კობახიძის თქმით, შუალედში, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ გააზიარა სხვადასხვა სტილის ნაციონალების არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ვერასოდეს მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა, დღემდე ეს პოსტებიც კი არ წაუშლია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების" პირობებში უკვე მიიღო.


„გასული წლის დეკემბერში ის არ მივიდა აქციაზე, სადაც ხელისუფლებამ და ევროკავშირის ელჩებმა კანდიდატის სტატუსი ერთად აღვნიშნეთ. მოკლედ, ამდენი შეცდომის მიუხედავად, ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა დღესაც აქციაზე დგას. არც ქართული კანონი წაუკითხავს და მით უმეტეს, არც რუსული, თუმცა, აქვს რწმენა, რომ ქართული კანონი რუსულია" - აცხადებს პრემიერი.