7-11-2017
ქუთაისში, გელათის ქუჩის პირველ ჩიხში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. როგორც მოსახლეობა "ნიუპრესთან" საუბრისას აღნიშნავს, ჩიხში არ არის გზა, რაც ძალიან ბევრი პრობლემის მიზეზი ხდება.
"გვპირდებიან, თუმცა საქმის გამკეთებელი არავინაა. არჩევნების წინა დღეს ჩამოიარეს და გვითხრეს, თუ აგვირჩევთ, გზას გავაკეთებთო. აქ ზოგი ერთს აძლევს ხმას, ზოგი მეორეს, ასე როგორ შეიძლება. რომ დაგპირდებიან, უნდა შეასრულონ. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ. ერთი კვირის წინ ცუდად ვიყავი, ლამის გაჟონვა მომივიდა და სასწრაფომ ჩიხთან დატოვა მანქანა და ექიმებმა აპარატურა ხელით მოიტანეს", - განაცხადა ქეთევან ბანძელაძემ.
გელათის ქუჩის პირველი ჩიხის მცხოვრებლების თქმით, განსაკუთრებული პრობლემები ზამთარში ექმნებათ. ვერც ავტომობილი მიდის სახლამდე და ვერც ბავშვები გამოჰყავთ გარეთ, რადგან წვიმისგან წყლის შედეგად ქუჩაზე გადაადგილება შეუძლებელი ხდება.
"როცა გაწვიმდება, ნაკადულივით მოდის წყალი, წალეკა ყველაფერი. ზამთარში აქ გავლა შეუძლებელი ხდება. სულ კედელ-კედელ დავყვებით, წავაქციეთ ღობეები. არ ვიცი, ზამთარში რა გვეშველება. სამწლიანი ტენდერი გვექნება და მერე გაგიკეთებთო, მაგრამ მანამ რა გვეშველება, გვიჭირს გადაადგილება"-განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, გელათის ქუჩის პირველ ჩიხში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლამდე არ იგეგმება.
გელათის ქუჩაზე წყლის მილები გასულ წელს გაიყვანეს, რის შემდეგაც მდგომარეობა უფრო გართულდა.
წყარო: newpress