13-05-2024
კანონს მივიღებთ და ყველა დაინახავს, რომ სიტუაცია თავისით განიმუხტება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში 60%-ზე მეტი უჭერს მხარს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ზოგადად, NGO-ების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოში 80%-ზე მეტი, რასაც აჩვენებს სოციოლოგიური კვლევა.
„ეს არის მაქსიმალური მცდელობა, რაღაც ერთგვარ ვა-ბანკზე მიდიან პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები, კანონი იქნება მიღებული და ამის შემდეგ უკვე ყველა გადავალთ ზაფხულის და შემდეგ საარჩევნო რეჟიმზე. მარტივად წავა ეს პროცესები.
აქვე მინდა შეგახსენოთ, არჩევნები საქართველოში ტარდება ოქტომბრის ბოლოს, თუ დარწმუნებულნი არ არიან, რომ აგებენ ამ არჩევნებს, მაშინ რა ანერვიულებთ? მოიგონ არჩევნები, ერთ თვეში, ერთ კვირაში შეუძლიათ შეცვალონ ეს კანონი. აქედანაც ჩანს, რომ რეალურად არჩევნების არავითარი იმედი არ აქვს ამ რადიკალურ ოპოზიციას. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ, კიდევ ერთხელ ხომ დადასტურდება ასევე ის, რაც ვთქვი, რომ ამ ქვეყანაში 60%-ზე მეტი უჭერს მხარს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ზოგადად, NGO-ების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოში 80%-ზე მეტი, ამას აჩვენებს სოციოლოგიური კვლევა. იმ პირობებშიც კი, როცა უცხოელები გვეუბნებიან, რომ არ უნდა მივიღოთ და ა.შ.
მოსახლეობის 61% უჭერს მხარს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერავითარი რადიკალური ოპოზიცია, პოლიტიკური უმცირესობა, ვერ აიძულებს საქართველოს პარლამენტს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე სცენარი არის ძალიან მარტივი. ეს ქვეყანა აუცილებლად დამშვიდდება, უფრო მეტიც, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით ხოლმე პერიოდულად ამ ქვეყნის დამშვიდებას, მაგრამ ერთხელ კიდევ მინდა შეგახსენოთ - 2016 წლიდან მოყოლებული გვქონდა ერთადერთი მშვიდი წელი, 2017 წელი. დანარჩენი ყოველ წელს ჩვენ გვქონდა ე.წ. პოლარიზაციის, რადიკალიზმის გაღვივების, რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობები.
ამ კანონის მთავარი მიზანი არის ის, რომ ეს ყველაფერი ჩავაბაროთ წარსულს. პირველ რიგში, ეს კანონი ემსახურება სწორედ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ნომერ პირველი დავალების შესრულებას, ესაა დეპოლარიზაციას და გაუმჭვირვალე ფული ემსახურება სწორედ პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებას. თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა დეპოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში აღნიშნული კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევქმნათ ისეთ გარემო ამ ქვეყანაში, როდესაც აღარავინ ფიქრობს ასეთი ტიპის სცენარებზე, რევოლუციებზე, მაიდანსა და ა.შ. და ამის საფუძველზე შემდეგ მეორე ფრონტის გამოწვევაზე. არავის მივცემთ ამის საშუალებას, საქართველო არის ღირსეული სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს,"- აღნიშნა პრემიერმა.