გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) დელეგაციას შეხვდა

16-05-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) „მწვანე ცის“ დირექტორატის დირექტორს, ავიაციის მდგრადი განვითარების ერთეულის უფროსს მარლინ ბასტინისა და ამავე ორგანიზაციის ავიაციის დაზვერვის ერთეულის უფროსს დენის ჰუვეტს შეხვდა.


შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს თანამშრომლობა EUROCONTROL - თან. აღინიშნა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთაც ქვეყნის მთავრობა ახორციელებს ღია ცის პოლიტიკის განვითარებისა და სააერნაოსნო ნაოსნობის უსაფრთხოების ამაღლების კუთხით. ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში სამოქალაქო ავიაციის აღდგენის სწრაფ ტემპებს, აგრეთვე ახალ ბაზრებზე გასვლის წარმატებულ პოლიტიკას. აღინიშნა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგად, მნიშვნელოვნად განვითარდა როგორც სამოქალაქო ავიაციის სექტორი, ისე გაიზარდა ადგილობრივ ბაზარზე შემოსული ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელთა დიდი ნაწილი ევროპულია.


მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმარების პროცესში, რათა აეროპორტი იყოს მდგრადი და „მწვანე“.


ასევე ყურადღება გამახვილდა საქაერონავიგაციაში გარემოს და სოციალური მართვის სისტემის დანერგვის პროცესზე. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო ავიაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის მიმართულებით და მას შეუძლია, გრძელვადიან პერიოდში ნულოვანი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.


შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დავალებით, საქაერონავიგაციამ, აიღო ვალდებულება, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი გეგმის შესრულებასა და დეკარბონიზაციაში.