გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია

17-05-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიისთვის. მისი თქმით, პირველ კვარტალში ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა 1,3 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს, რამაც განაპირობა ის, რომ კვარტლის ჭრილში საქართველომ მიიღო რეკორდული შემოსავალი - 800 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტი.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემებით, საქართველომ სრულად აღადგინა კოვიდ-პანდემიამდელი მდგომარეობა, მეტიც, მას 40 პროცენტით გადააჭარბა.


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, დადებითი დინამიკაა ასევე ფრენების კუთხითაც.


„ჩვენ მიმდინარე წელსაც შევძელით და ქვეყნის ავიაბაზარზე შემოვიყვანეთ არაერთი ევროპული ავიაკომპანია, მათ შორის, ავსტრიული და ნიდერლანდური. აღნიშნული დინამიკა დადებითად აისახება მგზავრთნაკადის ზრდაზე. კერძოდ, აპრილი - მაისის მონაცემებით, მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებმა უკვე უმასპინძლა 337,000-ზე მეტ მგზავრს, რაც 21 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 7 პროცენტითაა გაზრდილი რეისებზე დატვირთულობის კოეფიციენტი. ასევე მიმდინარე და დაგეგმილ სანავიგაციო სეზონზე სრულდება 640-მდე პირდაპირი ფრენა კვირის განმავლობაში, რაც 15 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე" - აღნიშნა ქვრივიშვილმა.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში არაერთი საერთაშორისო დელეგატი, მათ შორის, ჟურნალისტები ჩამოვლენ.


„თითოეულ ჩვენგანს კერძო სექტორთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის შესაძლებლობები. ყოველივე ეს ქმნის პოზიტიურ მოლოდინებს, რომ ტურიზმის შედეგები იქნება კიდევ უფრო მეტად რეკორდული, ვუმასპინძლებთ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს, შემოვიყვანთ ახალ ავიაკომპანიებს, იქნება მეტი პირდაპირი ფრენა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყნებთან და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია. პირველ რიგში ეს აზიანებს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ტურიზმის ინდუსტრიაში და რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მცირე და საშუალო მეწარმეებს საკმაოდ რთული გამოწვევებით სავსე გასული წლები ჰქონდათ. მათ, ჩვენთან ერთად, ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ასეთი წარმატებული შედეგები გვქონოდა წელს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


მისივე თქმით, საერთო ძალისხმევით გაგრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რაც მიმდინარე წელს ტურიზმის ინდუსტრიის რეკორდულ მაჩვენებლებზე გასვლას უზრუნველყოფს.


„დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეები მიმდინარე წელს ბევრ ტურისტს უმასპინძლებენ, შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო ტურიზმის ინდუსტრია შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.