13-10-2018
საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებსა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს ანაკლიაში თხილის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრაზე, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრას სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაესწრო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა დარგის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე შემუშავებულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლები, სიხშირე და კრიტერიუმები.
„ პროდუქციის ხარისხის და უვნებლობის მაჩვენებლების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს მიერ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტირებული თხილის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და საერთაშორისო ბაზრებზე მყარი პოზიციების შენარჩუნებას,“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა.
სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ხაზი გაუსვა მეთხილეობის დარგის განვითარების მნიშვნელობას და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას დღეს დარგი. გუბერნატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია ფერმერებთან აქტიური კომუნიკაცია და ამ მიზნით რეგიონში იგეგმება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებიც „კარდაკარ“ პრინციპით თხილის მოვლის საკითხებზე გაავრცელებენ ინფორმაციას.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც დარგის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ მოსაზრებები.
მეთხილეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით ჩატარდა
ექსპორტისთვის განკუთვნილი გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის, ტექნიკურ რეგლამენტთან ან დეკლარირებულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.