15-10-2018
პირველი ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ზუგდიდის მერიის 122-მა საჯარო მოხელემ სხვადასხვა დღეს შვებულებით ისარგებლა. რადიო „ათინათის“ მიერ ზუგდიდის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ათ დღეში შვებულება გამოიყენა ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა - ლაშა ჯაიანმა და ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა - თენგიზ ქობალიამ.
ამასთან, კუთვნილი შვებულებით ისარგებლა მერიის მეორე რანგის 17-მა, მესამე რანგის პირველი კატეგორიის 76-მა, მესამე რანგის მეორე კატეგორიის 5-მა და მესამე რანგის მესამე კატეგორიის 22-მა პროფესიულმა საჯარო მოხელემ.
ზუგდიდის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის ირაკლი ამანათიძის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები პერიოდულად იცვლება.
„ზოგს ორკვირიანი შვებულება აქვს, ზოგს თითოდღიანი და ასე შემდეგ. შეიძლება, სამი თანამშრომელი იყოს ისეთი, ვისაც, მაგალითად, 29 ოქტომბრამდე აქვს აღებული“, - გვითხრა ამანათიძემ.
შვებულებით სარგებლობს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს.
„მე ჩემი საქმეებიც მქონდა და დაემთხვა ეს კამპანიაც. ვთვლი, რომ სადაც საჭირო ვარ, იქ უნდა ვიყო. მეც მინდოდა ამ კამპანიაში ჩართვა და შემოთავაზებაც იყო, შეიძლება ითქვას, ორმხრივი იყო“, - გვითხრა ღადუამ.
კითხვაზე, როდის დაიწყო და როდის დასრულდება მისი შვებულება, ღადუამ გვიპასუხა, რომ ზუსტად თარიღი არ ახსოვს, თუმცა იცის, რომ, შაბათ-კვირის გარდა, 13 დღიანი შვებულებით სარგებლობს. მისივე თქმით, მან შვებულება გასულ კვრიას დაგმოიყენა და ამ კვირაშიც შვებულებაშია.
ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართულია მერიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და საპროტოკოლო საკითხთა განყოფილების უფროსის მოადგილე სალომე გუგუშვილი. მისი თქმით, შვებულება არ აუღია, თუმცა კამპანიაში შაბათ-კვირას და არასამუშაო დროს მონაწილეობს.
„მხარს ვუჭერ ზურაბიშვილს, ჩვენ ოჯახით ვახლობლობთ და ნამდვილად ჩემი სურვილი იყო კამპანიაში ჩართვა“, - თქვა გუგუშვილმა.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაიწყო. მასში. ძირითადად, საჯარო მოხელეებთან ერთად, საკრებულოს წევრები არიან ჩართული.