23-05-2024
ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ თვისებრივად გადალაგებულ სისტემას, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტებული იქნება სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორად თუ დალაგდება სისტემა, თავისუფლად შესაძლებელია, საქართველოში ისეთი რესურსის შექმნა, სადაც სტუდენტი ევროპულისა და ამერიკულის იდენტურ განათლებას მიიღებს.
„ჩვენ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც მივიღებთ არა რაღაც განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს, ოთხი წლის
თავზე ჩვენ გვექნება თვისებრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს ექნებათ საკუთარი ინტერესების რეალიზების ათჯერ უკეთესი შესაძლებლობა. სოციალური ინტერესებიც აქვთ სტუდენტებს, გარდა განათლების მიღებისა, მათ შორის სპორტი და სხვადასხვა ტიპის აქტივობები. თვისებრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა გვექნება, სწავლების ხარისხი იქნება თვისებრივად განსხვავებული და სწავლების შინაარსი, გვექნება სახელმძღვანელოები უზრუნველყოფილი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში და ა.შ. განახლებული სახელმძღვანელოები, კურიკულუმები და ა.შ. თვისებრივად გადალაგებული სისტემა, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტებული იქნება ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე. იურიდიულ ფაკულტეტებზე რომ ვისაუბროთ - თუ სწორად დალაგდება სისტემა, თავისუფლად შესაძლებელია საქართველოში შექმნა ისეთი რესურსი, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე საქართველოში სტუდენტმა მიიღოს ზუსტად ევროპულისა და ამერიკულის იდენტური განათლება, არც მეტი, არც ნაკლები, უმაღლესი დონის განათლება. ამის რესურსი ქვეყანაში არის, მთავარია, სისტემა სწორად ჩამოყალიბდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.