გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: მათ, ვინც „თავისუფლება მიშას“ კამპანია წამოიწყეს, ასევე გამოიგონეს „რუსული კანონის“ კამპანიაც - სამწუხაროა, რომ არასოდეს მოგვისმენია ბოდიშის სიტყვები ქართული სასამართლოს სახელის უსამართლო გატეხისათვის

23-05-2024

„მრავალი წელია, ზოგიერთი უცხოელი „პარტნიორი“ და მათი ქართველი „მოკავშირე“ ქართული მართლმსაჯულების სახელის გატეხის კამპანიას აწარმოებს. მათი შეტევები, ქართული მართლმსაჯულების, მთავრობისა და ქართული სახელმწიფოს საფუძვლების ლეგიტიმურობის შერყევას ისახავს მიზნად“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.


როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ არასოდეს მოგვისმენია ბოდიშის სიტყვები ქართული სასამართლოს სახელის უსამართლო გატეხისათვის.


მისი თქმით, საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობასა და სასამართლოს აქვს თავდაცვის ყველაზე მძლავრი იარაღი - სიმართლე, რომელიც გვიან, მაგრამ აუცილებლად იმარჯვებს.


„მრავალი წელია, ზოგიერთი უცხოელი „პარტნიორი“ და მათი ქართველი „მოკავშირე“ ქართული მართლმსაჯულების სახელის გატეხის კამპანიას აწარმოებს. მათი შეტევები, ქართული მართლმსაჯულების, მთავრობისა და ქართული სახელმწიფოს საფუძვლების ლეგიტიმურობის შერყევას ისახავს მიზნად.


თუმცა, უკვე მერამდენედ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. დღეს შევიტყვეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ „არ არსებობს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოების სამართლიანობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ“. ეს გადაწყვეტილება ორ საქმეს მოიცავს, რომლებიც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეებს, რომლებისთვისაც სააკაშვილი სამართლიან სასჯელს იხდის ციხის კლინიკაში.


თითოეულ შემთხვევაში, როდესაც კოლექტიური კატილინები თავდასხმებით ცდილობდნენ სახელი გაეტეხათ ქართული მართლმსაჯულებისათვის (იქნებოდა ეს რუსთავი 2-ის, ნიკა მელიას დაპატიმრების, სტრასბურგის სასამართლოდან სააკაშვილის მიერ თავისივე სარჩელის უკან გამოხმობის და ყოველი სხვა „პოლიტიკურად მოტივირებული“ საქმის შემთხვევა), სტრასბურგის სასამართლო ქართულ სასამართლოს ამართლებდა. უწყვეტი თავდასხმები, თითქმის მთელი ათწლეულის განმავლობაში, მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების სახელის შელახვას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ეს მცდელობა ტყუილში იქნა მხილებული. მათ, ვინც „თავისუფლება მიშას“ კამპანია წამოიწყეს, ასევე გამოიგონეს „რუსული კანონის“ კამპანიაც.


სამწუხაროა, რომ არასოდეს მოგვისმენია ბოდიშის სიტყვები ქართული სასამართლოს სახელის უსამართლო გატეხისათვის. ევროპული პარლამენტის რეზოლუციები, უცხოელი დიპლომატების დემარშები, ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსების, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების ძალისხმევა, სანქციებისკენ მოწოდებები არასოდეს დასრულებულა პასუხისმგებლობის აღებით ტყუილების, ცილისწამებისა და დეზინფორმაციისათვის. უფრო უარესიც, უსაფუძვლო კრიტიკის ტალღებს ექოსავით ჰყვებოდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შორის კოორდინაცია გვიჩვენებს, თუ რა სქემით ხორციელდებოდა უცხოური გავლენა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და სტაბილურობას, და რომელიც მეტ გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ზედამხედველობას მოითხოვს.


საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობასა და სასამართლოს აქვს თავდაცვის ყველაზე მძლავრი იარაღი - სიმართლე, რომელიც გვიან, მაგრამ აუცილებლად იმარჯვებს.


დგება საკითხი, სიმართლის გამოვლინების კვალდაკვალ, კიდევ რამდენ ხანს აპირებენ ქართველი ხალხის მოთმინების გამოცდას?“ - წერს შალვა პაპუაშვილი.