26-05-2024
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, 26 მაისთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოთქმულ მიმართვას ეხმაურება.
როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, სალომე ზურაბიშვილს არც ერთი დღე არ უბრძოლია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და დღეს სურს სისხლით მოპოვებული თავისუფლება სხვას ჩააბაროს.
„საქართველოს პრეზიდენტმა ყველა ღირებულება ჩამოთვალა, რითაც თურმე იბადება ახალი საქართველო: ერთობა, სიყვარული, გამბედაობა… მაგრამ მას ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა არ უხსენებია, რისი შენარჩუნებითაც მოვედით დღემდე და ვდღესასწაულობთ ქვეყნის დამოუკიდებლობას - ეს არის ჩვენი ურყევი რწმენა და ქრისტიანობა! საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მიმართული იყო უცხოელი მსმენელისთვის და არა - ქართველებისთვის. მან დღევანდელი ტრიბუნა გამოიყენა უცხოეთისთვის საკეკლუცოდ. სალომე ზურაბიშვილს არც ერთი დღე არ უბრძოლია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და დღეს სურს ჩვენი სისხლით მოპოვებული თავისუფლება სხვა ქვეყანას ჩააბაროს. ამას ვერ ეღირსება ვერც პრეზიდენტი და ვერც მისი დამკვეთები უცხოეთიდან.
საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა და ეს ისტორია იწერება დღესაც. ეს არის რწმენით, სიყვარულით და მუდმივი ბრძოლით შექმნილი ჩვენი ქვეყნის საამაყო ისტორია, რომელიც დარჩება შთამომავლობას!“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.