16-10-2018
გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტსა და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სტუდენტების და მესამე სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.
უნივერსიტეტსა და „ჩართულობის ცენტრში“ ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნინო წილოსანმა ქვეყნის ისტორიაში ქალის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი კაპანაძემ კი ადგილობრივებთან შრომით სამართალში თანასწორუფლებიანობის საკითხები მიმოიხილა: „ასევე, საზოგადოებას გავაცანი ჩვენი აპარატის რეკომენდაციები, ეს ძირითადად ეხებოდა ე.წ. ბინძურ მარკეტინგს, სადაც კომპანიები ადამიანის უფლებების გვერდის ავლით ცდილობენ პროდუქტის გაყიდვას“.
სტუდენტებმა გენდერული უთანასწორობის საკითხებზე დისკუსიაში საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს: „ჩემთვის ყოველგვარი სექსისტური რეკლამა მიუღებელია, ამასთანავე ვფიქრობ, რომ ქალი სხვადასხვა სტერეოტიპის გამო იჩაგრება საზოგადოებაში. პირადად მეც შემხვედრია სექსისტური აზრები, ძირითადად ბიჭებისგან“, – ამბობს პირველკურსელი თინათინ გელაშვილი.
„ქალები ხშირად გაუსაძლის პირობებში მუშაობენ, რადგან სხვა არჩევანი არ აქვთ, ეს სახელმწიფოს უმოქმედობის ბრალია“, – აცხადებს სტუდენტი მარიამ ინასარიძე.
„სტუდენტებმა საკმაოდ კვალიფიციურ, იურიდიულ ჭრილში გადაიტანეს ჩვენს მიერ წამოჭრილი პრობლემები. იმედია, რომ ისინი ამ საკითხებზე უფრო აქტიურად დაიწყებენ ფიქრს“, – გვითხრა წილოსანმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.
ღონისძიებები ხორციელდება პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით.