გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ, მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა კიდევ ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ხალხებს

28-05-2024

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის ხელისუფლებას და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, 1918 წელს, საქართველომ და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა ერთდროულად გამოაცხადეს და ერთდროულად ჩამოაყალიბეს პირველი რესპუბლიკები.


„აზერბაიჯანის ხელისუფლებას, აზერბაიჯანელ ხალხს, სრულიად აზერბაიჯანს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.


1918 წელს, ამ ადგილიდან სულ რამდენიმე ათეულ მეტრში, საქართველომ და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა ერთდროულად გამოაცხადეს, ერთდროულად ჩამოაყალიბეს პირველი რესპუბლიკები და ერთდროულად იზეიმეს სახელმწიფოებრიობა.


ამ სიხარულმა, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ გასტანა. თუმცა, საბედნიეროდ, საბჭოთა ოკუპაციამ ვერ შეძლო სახელმწიფოებრიობისკენ, თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობისკენ ორი ერის სწრაფვის და სულისკვეთების ჩახშობა.


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყნებმა რთული და გამოწვევებით სავსე გზა გამოიარეს, გვერდი-გვერდ დგომის, მხარდამხარ შრომის, ურთიერთმეგობრობისა და ურთიერთდახმარების გზა. ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობა დრომ და ისტორიულმა ქარტეხილებმა გამოსცადა და განამტკიცა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, დღეს ეს ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზეა, ყველა მიმართულებას მოიცავს და დინამიკურად ვითარდება.


„ჩემს კოლეგა საჰიბა გაფაროვასთან ერთად, წარმატებით ვავითარებთ საპარლამენტო ურთიერთობებს. განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრა, ძლიერი კავშირებია მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. მოწადინებულები ვართ, გავაგრძელოთ ეს დადებითი ტენდენცია და ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე.


გასულ წელს მე პირადად ორჯერ ვიყავი აზერბაიჯანში ვიზიტით. მიხარია, რომ ვიზიტებს შორის თუნდაც მცირე დროის განსხვავების მიუხედავად, თითოეულ ჩასვლაზე იგრძნობა ქვეყნის მშენებლობა და პროგრესი. გულთბილად ვიხსენებ ასევე ბაქოში ჩემს თითოეულ ვიზიტს, ქალბატონი გაფაროვას მხრიდან გამოჩენილ სტუმართმოყვარეობას და თბილ მიღებას. სწორედ ეს ურთიერთობები გვაძლევს დამატებით სტიმულს, რომ უფრო მეტი ენერგიით ვიზრუნოთ ქვეყნებსა და ხალხებს შორის კავშირების გაღრმავებაზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


მისივე შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა სცდება ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს.


„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონული მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე. მხოლოდ ასეთ პირობებში შევძლებთ, წარმატებით გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნების განვითარება და რეგიონის პოტენციალის სრულად ათვისება. მხოლოდ ასე შევძლებთ ევროპასა და აზიას შორის მტკიცე ხიდის მშენებლობას და ამ სარგებლის სრულად მიღებას.


კიდევ ერთხელ ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენს ქვეყანას წინსვლას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ.

მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა კიდევ ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ხალხებს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.