28-05-2024
ვხედავდით არაერთ შემთხვევას, როდესაც ევროკავშირი ითხოვდა დეპოლარიზაციას და მისი კონკრეტული ინსტიტუტი აფინანსებდა საქართველოში დეპოლარიზაციას, რასაც ვერ გააკეთებდა გამჭვირვალობის პირობებში - დღეს ახალი კანონი უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ საქართველოში აღარ დაფინანსდება გარედან ხელოვნურად პოლარიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კანონი ნიშნავს დეპოლარიზაციისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯის გადადგმას.
„ეს კანონი ნიშნავს სწორედ რომ წინსვლას ყველა თვალსაზრისით - ეს კანონი პირველ რიგში ნიშნავს დეპოლარიზაციისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯის გადადგმას. ჩვენ ვხედავდით არაერთ შემთხვევას, როდესაც ევროკავშირი ითხოვდა დეპოლარიზაციას და მისი კონკრეტული ინსტიტუტი აფინანსებდა საქართველოში დეპოლარიზაციას, რასაც ვერ გააკეთებდა გამჭვირვალობის პირობებში. დღეს ახალი კანონი უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ საქართველოში აღარ დაფინანსდება გარედან ხელოვნურად პოლარიზაცია. ამისი დამზღვევი სერიოზული მექანიზმია ეს კანონი, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო.
აქედან გამომდინარე, მთავარი პრიორიტეტი, რაც არის ეს არის დეპოლარიზაცია, რასაც გვეუბნება ევროკავშირი, ამ მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული წინსვლა. დეპოლარიზაციის კუთხით წინსვლა ნიშნავს წინსვლას ყველა სხვა მიმართულებითაც. ნიშნავს არსებითად ქვეყანაში მდგომარეობის გაჯანსაღებას და ასევე ურთიერთობების გაჯანსაღებას. წინა წლების განმავლობაში გვქონდა სერიოზული ნაკლოვანებები ურთიერთობების სიჯანსაღის კუთხით და ამას განაპირობებდა ბუნდოვანება, გაუმჭვირვალობა, მათ შორის დაფინანსების, რომელიც ხორციელდებოდა კონკრეტული ორგანიზაციების მიმართ. იმ პირობებში, როცა იქნება უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას და საბოლოო ჯამში, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებას", - განაცხადა პრემიერმა.