30-05-2024
უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის, ამ ტიპის პროექტების განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება, შემოიტანეს ძალიან კარგი განაცხადი ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდება უმაღლეს დონეზე.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც თავის დროზე ჩართული იყვნენ ანაკლიის გარშემო პროცესებში, შეგახსენებთ, რომ მათ არაერთხელ გადაუვადა სახელმწიფომ იმის შესაძლებლობა, რომ მოეზიდათ ინვესტორი, თუმცა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს წლების განმავლობაში ინვესტორის მოზიდვა. შესაბამისად, ეს არის მათი პასუხისმგებლობა, თუმცა ცდილობენ ამ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას.
ჩვენი პასუხისმგებლობა არის ამ პროექტის განვითარება. ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. სპეკულაციები არის უადგილო, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც დაიწყო ეს სპეკულაციები, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან და სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ანტიჩინური კამპანია, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკოსები და მათი NGO-ები აწარმოებენ.
დაასახელონ ინვესტორი, რომლის მოზიდვაც მოახერხეს ამ წლების განმავლობაში, ვერ მოიზიდეს ვერც ერთი ინვესტორი. ასეთ პირობებში მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ხელი შეეშალათ არის სრული სპეკულაცია. არა თუ ხელი არ შეგვიშლია ჩვენ ამ პროექტის განხორციელებისთვის, კონსტიტუციაშიც კი ჩავუწერეთ ანაკლიის პროექტი იმისათვის, რომ გაადვილებოდათ ინვესტორის მოზიდვა, თუმცა კონსტიტუციური დათქმის პირობებშიც კი ვერ მოახერხეს ვერც ერთი ინვესტორის დაინტერესება იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ სინამდვილეში, სავარაუდოდ, კორუფციული ინტერესები და არა რეალურად პორტის განვითარების ინტერესი", - განაცხადა პრემიერმა.