გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დეპუტატები და სენატორები საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ

31-05-2024

დეპუტატები და სენატორები საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ.


აღნიშნული კანონპროექტი 27 მარტს, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დიდი უმრავლესობით, 171 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო. ხოლო 22 მაისს საფრანგეთის სენატმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.


დღეს, 30 მაისს გაიმართა ტექსტის განხილვა შერეული პარიტეტული კომისიის მიერ, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 7 დეპუტატი და 7 სენატორი. შეხვედრის მომხსენებლები იყვნენ კანონპროექტის ავტორი საშა ულიე და რესპუბლიკელი სენატორი ანიეს კანაიერი.


კანონი ითვალისწინებს უცხო ძალის სახელით/სასარგებლოდ მოქმედი იმ აქტორების რეგისტრაციის ვალდებულებას, რომლებიც გავლენას ახდენენ საფრანგეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. აღნიშნული „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოს“ (HATVP) მიერ კონტროლდება.


ამასთან, ტექსტი მიზნად ისახავს სადაზვერვო სამსახურებისთვის ალგორითმის სახელით დაზვერვის ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობის გაფართოებას. კერძოდ, უცხოური გავლენის მონიტორინგის გარდა, კანონი მნიშვნელოვნად აძლიერებს საგამოძიებო საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია დაზვერვის სამსახურებისთვის ჩარევის ოპერაციების გამოსავლენად. ზოგადად, კანონით, უცხო სახელმწიფოს სახელით ჩადენილი დანაშაული უფრო მკაცრად დაისჯება.


„ძირითადად მიღებულია სენატის გზავნილები“, - დააკონკრეტა ანიეს კანაიერმა.


ამგვარად, ტექსტში შენარჩუნებულია სენატის იურიდიული საკითხთა კომიტეტის მიერ შემოთავაზებული რამდენიმე შესწორება. მათ შორის, ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გაზრდას საკუთრებაზე ან პირებზე თავდასხმისთვის, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია „უცხოური ინტერესების გატარების მიზნით“. დანაშაულისთვის, რომელიც ჩვეულებრივ ისჯებოდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთით, სასჯელი, ექვს წლამდე გაიზრდება. აქამდე ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთით დანაშაულის ჩამდენს კი უვადო პატიმრობა ემუქრება.


და ბოლოს, საბოლოო ტექსტში შენარჩულებულ იქნა რამდენიმე შესწორება, რომლის კენჭისყრაც სენატში საჯარო დებატების ფარგლებში მოხდა.


მაგალითად, გაფართოვდა გავლენის ოპერაციების პოტენციური სამიზნეების სია, რომელიც მოიცავს, მთავრობის წევრებსა და ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის ყოფილ წევრებს. აღნიშნული ტექსტში შევიდა სოციალისტი სენატორის, ჟერომ დიურენის წინადადების საფუძველზე. რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება ძალაში შევა არაუგვიანეს 2025 წლის დეკემბრისა, შესაბამისად, არ შეეხება მიმდინარე არჩევნების კანდიდატებს, მაშინ, როდესაც დიდი ეჭვია ევროპარლამენტში რუსული ჩარევების მიმართ.


საჯარო დებატების დროს, კომუნისტმა სენატორმა პასკალ სავოლდელმა ასევე წარადგინა ცვლილება, რომელიც ავალდებულებს მთავრობას პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში საფრთხეების მდგომარეობის შესახებ. აქამდე, აღნიშნული ორ წელიწადში ერთხელ ხორციელდებოდა.


საბოლოოდ, კანონში შევიდა რენესანსის სენატორის ჟან-ბატისტ ლემოინის ცვლილება, რომელიც საფრანგეთში უცხოური ინვესტიციების კონტროლის შესახებ ყოველწლიური დებატების გამართვას ითვალისწინებს. კანონპროექტი საბოლოოდ უახლოეს დღეებში მიიღება, ორშაბათს სენატის და შემდეგ ოთხშაბათს ასამბლეის მიერ საბოლოო კენჭისყრის შემდეგ.