7-11-2017
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2017 წლის იანვრიდან დღემდე კახეთის რეგიონში უკანონო 25 სანახშირე ორმო აღმოაჩინა. აქედან, ყველაზე მეტი– 23 შემთხვევა, საგარეჯოში დაფიქსირდა, ერთი – თელავში და ერთიც გურჯაანში. რა ზიანს აყენებს გარემოს ნახშირის უკანონო მოპოვება, რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს რეალიზატორმა და რა საქნციებია დაწესებული სამართალდამრღვევისთვის? – ამ საკითხებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს იურისტი გიორგი სურამლიშვილი გვესაუბრება.
„ჩვენ ვებრძვით კუსტარულ დანადგარებს. ასეთ შემთხვევაში არ არის შემუშავებული გარემოზე მავნე ზემოქმედების დაცვის მექანიზმი. არ აქვთ ტექნიკური ინვენტარიზაციის ანგარიში. კუსტარული დანადგარები ნებისმიერ ადგილასაა განთავსებული, ეს იქნება ტყე, საკუთარი სახლის ეზო, მოსახლეობასთან თუ კვების ობიექტთან ახლოს. ოქმის შედგენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით ხდება, რაც ტექნიკური ინვენტარიზაციის ანგარიშის არქონას გულისხმობს. თუ შემთხვევის ადგილზე აღმოვაჩინეთ შეშა, ვადგენთ, არის თუ არა ეს ლიცენზიანტისგან ნაყიდი. თუ ასე არ არის, რა თქმა უნდა, ამაზეც შესაბამისი რეაგირება ხდება.“-ამბობს ის.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს იურისტის თქმით, ნახშირის უკანონოდ დამზადების დროს ჰაერში ნივთიერება CO ნახშირჟანგი ვრცელდება, რომელიც ძლიერი საწამლავია. ის ორგანიზმში ჟანგბადის მიმოცვლას უშლის ხელს.
გიორგი სურამლიშვილი ამბობს, რომ პირველ ჯერზე სამართალდამრღვევს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აფრთხილებს. თუ ის უკანონო საქმიანობას არ შეწყვეტს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის რაიონულ სამმართველოს ეგზავნება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს.
იურისტის თქმით, უკანონო სანახშირე ორმოების ძირითადი, 99 % საგარეჯოზე მოდის. გიორგი სურამლიშვილის განმარტებით, აღნიშნული მუნიციპალიტეტი თბილისთან უფრო ახლოსაა, ნახშირის ძირითადი რეალიზატორებიც იქიდან არიან, რადგანაც დედაქალაქში კვების ობიექტები მრავლადაა და შესაბამისად, გასაღების უფრო ფართო არეალია.
წყარო: რადიო "ივრისი"