გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გურამ მაჭარაშვილი: ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონს ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა, მხარდამჭერთა, მათი მშობლების, შვილების და ოჯახის სხვა წევრების მიმართ

31-05-2024

„ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მაჭარაშვილი ეხმიანება გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და საერთაშორისო გამოხმაურებებს და აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეები დაუბრუნდნენ თავიანთ საქმეს და მხოლოდ უცხო ქვეყნის აგენტები აგრძელებენ პროტესტს და ისინი ვერც გაჩერდებიან, რადგან თავიანთი პატრონებისგან იღებენ დავალებებს.


„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და მეტადრე, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ჩვენ ქვეყანაში ადამიანების სრული ლუსტრაცია მოახდინა. კანონი ჯერ არ ამოქმედებულა და უკვე პირდაპირ გამჟღავნდა, ვინ დგას საკუთარი ქვეყნის მხარეს და ვინ ემსახურება გარე ძალას. ცხადია, უკვე ჩაფერფლილი პროტესტის მონაწილეებს შორის გულწრფელი, მაგრამ პროპაგანდით მოტყუებული ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ შარშანდელისგან განსხვავებით, მათი წილი იმდენად მცირე იყო, რომ ხელისუფლებამ ქვეყნისთვის ჰაერივით საჭირო კანონი ზედმეტი გართულებების გარეშე გაიტანა.

პირადად ჩემთვის საერთოდ არ ყოფილა მოულოდნელი კანონის მიმართ დასავლური ქვეყნების ზღვარგადასული წინააღმდეგობა. საქმე მარტივადაა - კანონი ააშკარავებს არა მხოლოდ ადგილზე მოქმედ აგენტურას, იგივე ჯაშუშებს, არამედ პირდაპირ ააშკარავებს მათ დამფინანსებლებს და შესაბამისად, ქართველი ხალხი სრულ ინფორმაციას მიიღებს პოლიტიკის კულუარებში არსებულ შავბნელ პროცესებზე. ასე მაგალითად, კანონს რომ აქამდე ემოქმედა, ქართულ საზოგადოებას ეცოდინებოდა, ვინ დააფინანსა პარალელური დათვლის გაყალბება 2020 წელს, რასაც ლამის რევოლუცია მოყვა.


საზოგადოებას ეცოდინებოდა, ვინ დააფინანსა ენჯეოების პროტესტი, რომლებიც მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდნენ. ასევე, ყველას ეცოდინებოდა, რომელი უცხოური ქვეყნები და ორგანიზაციები იდგნენ „კანვასის“ ტრენინგების უკან, როდესაც რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას გაკოტრებული რადიკალი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, უცხოელ ტრენერებთან ერთად, რევოლუციის მოწყობას ასწავლიდა.


დღეს, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა დამშვიდდა, პროტესტის მოტყუებული მონაწილეები სახლებში, უნივერსიტეტებსა და სამსახურებში დაბრუნდნენ. ადამიანებმა ჩვეულად განაგრძეს ცხოვრება. არ ჩერდებიან მხოლოდ ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები საქართველოში. არ ჩერდებიან და ვერც გაჩერდებიან, რადგან ეს ადამიანები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. ისინი დავალებებით მოქმედებენ და ინსტრუქციებს, ისევე, როგორც შავ ფულს სწორედ იმ ქვეყნებიდან იღებენ, რომლებიც გამჭვირვალობის კანონს ისტერიულად ეწინააღმდეგებოდნენ.


უცხოელმა ჯაშუშებმა, პრაქტიკულად, საკუთარ თავს თვითგასამართლება მოუწყვეს და ამ თვითლუსტრაციას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი გაგრძელება. ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ. ამ ადამიანების გასამართლება ეგზისტენციური საკითხია, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე ძალიან მძიმედ აისახება. სამწუხაროდ, დღეს ამ ადამიანებს აქვთ დაუსჯელობის განცდა და ამიტომ, თავისუფლად ჯაშუშობენ და სახელმწიფოს მოსვენებას არ აძლევენ.


მათ სასამართლოში უნდა წარმოადგინონ იმის მტკიცებულებები, რომ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ იღებდა და როდესაც ამას ვერ შეძლებენ, ჯაშუშობისთვის უნდა გასამართლდნენ. გარდა ამისა, მათ სასამართლოს წინაშე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის, რა თანხის სანაცვლოდ და რა დავალებებით ემსახურებოდნენ.


ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არ აქვს. ქართველი ხალხი იმსახურებს, ბოლოსდაბოლოს, იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც არ ასვენებს ამ ქვეყანას, ვინც ემსახურება არა საკუთარ სამშობლოს, არამედ უცხო ქვეყნის ამოცანებს, ვინც ცდილობს საქართველო გახვიოს არეულობაში და ომის უბედურებაში. სასამართლო პროცესები კი უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად, რომ მომავალში ჯაშუშობაზე ხელის მოწერის ცდუნება აღარასოდეს აღარავის გაუჩნდეს,“ - წერს გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.