გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ალტერნატივებზე გადასვლის ხელშეწყობისთვის, მიზნობრივი გზამკვლევი შეიქმნა

3-06-2024

„ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მდგრად ალტერნატივებზე გადასვლის გზამკვლევი“ ჩარჩო დოკუმენტია, რომელიც ერთჯერადი პლასტიკის მოხმარების შემცირების და აღმოფხვრისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობას მოიცავს. გზამკვლევი ითვალისწინებს აღნიშნული მიმართულების ევროკავშირის დირექტივების მიღებას, ალტერნატივებზე გადასვლაში ბიზნესის ხელშეწყობას, მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების დანერგვას და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას. გზამკვლევის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.


უწყების ცნობით, შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში შექმნილი გზამკვლევი წარადგინეს, პროექტის შედეგები შეაჯამეს და შემდგომ აქტივობებზე იმსჯელეს. პროექტი „ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ფინანსურად და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღებ ალტერნატივებზე გადასვლის ხელშეწყობა“ მიმდინარეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მისი განმახორციელებელია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მეშვეობით.


„ერთჯერადი პლასტიკის შემცირება და ხმარებიდან ამოღება მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი კომპონენტია. მწვანე ტრანსფორმაცია ძალიან კომპლექსური და ფართო ცნებაა, ის მოიცავს ახალი ენერგიების გამოყენებას, წყლის რესურსების მართვას, გაუდაბნოებასთან ბრძოლას, ნარჩენების მართვას, ენერგოეფექტურობას და სხვა უამრავ საკითხს. საქართველოს ყველა ამ მიმართულებით, გაუმჯობესებული შედეგები აქვს; ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენი სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზებას. იმპლემენტაციის ნაწილში, რაღა თქმა უნდა, არსებობს სირთულეები, თუმცა, სამინისტრო, როგორც პოლიტიკის გამტარებელი, უდიდეს ძალისხმევას დებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანია მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება და არსებული რეგულაციების სრულყოფა. UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელის, გიგი ბრეგაძის განცხადებით, გზამკვლევში აღნიშნული აქტივობების განხორციელება, ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.


შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.