გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან საკუთარი მიზნებისთვის ხდება ანაკლიის პორტის თემის პოლიტიზირება

3-06-2024

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესთან და ჩინურ კონსორციუმ China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) დაკავშირებით კიდევ ერთხელ ამომწურავ განმარტებებს აკეთებს - ლევან დავითაშვილმა ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან საკუთარი მიზნებისთვის ხდება თემის პოლიტიზირება.


„სამწუხაროდ, საქართველოში არცერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება პოლიტიზების გარეშე არ ხდება ხოლმე. გვესმის, რომ პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ თითოეული თემის პოლიტიზირება თავისი კონკრეტული მიზნებისთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს არ არის თანხვედრაში ქვეყნის საერთო მიზნებთან. სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებაში ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და ზოგადად პროექტის პოლიტიზირების მცდელობა. ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემია - გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სტრატეგიული პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენთვის ტრანსპორტით დაკავშირებადობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


როგორც ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტი უმნიშვნელოვანეს საჯარო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის ზრდას შეუწყობს ხელს და არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ე.წ. შუა დერეფნის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, პირველ ეტაპზე, როდესაც პროექტის განვითარებაზე იყო საუბარი და რაც ვერ განხორციელდა, მაშინაც მოიაზრებოდა, რომ ეს იქნებოდა საერთაშორისო პროექტი, სადაც ჩართული იქნებოდა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის ეკონომიკური სუბიექტი. ამიტომ, მისი შეფასებით, პროცესი დღეს ცალსახად პოლიტიზირებულია და არაფერი აქვს საერთო პროექტის განხორციელების შედეგთან და ეფექტიანობასთან.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას პოტენციური ინვესტორი კონსორციუმის China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) სანქცირებასთან დაკავშირებით, ლევან დავითაშვილმა ამ საკითხზეც დეტალური განმარტებები გააკეთა. მისი ინფორმაციით, ეს არის მსოფლიოს ხუთას წამყვან, უმსხვილეს კომპანიას შორის ერთ-ერთი, რომელსაც აქვს საქართველოში ამ პროექტის თავისუფლად განხორციელების საშუალება, ასევე მსგავსი პროექტების მსოფლიოს ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში. ამასთან, კომპანიას ჰქონდა გარკვეული სახის შეზღუდვები დაწესებული აშშ-ს ორი უწყების მხრიდან, რაც არ ნიშნავს სანქციებს.


„ეს იყო აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის ბიუროს სია, რაც გულისხმობს ერთადერთ რამეს - ამ კომპანიასთან კონკრეტული სტრატეგიული პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ თანხმობა ვაჭრობის სამინისტროს ამ ბიუროს მხრიდან და სხვა არაფერი. კომპანიას ამავე დროს არ ეზღუდება არანაირი ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება და სხვა რამ. ეს არ ნიშნავს სანქციებს, რაც მკაფიოდაა განსაზღვრული, მათ შორის, იმ იურიდიულ დასკვნაში, რომელიც ჩვენთანაა წარმოდგენილი. მეორე იყო აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული მოთხოვნები - რომ საჯაროდ ვაჭრობა, ობლიგაციებში ამერიკული კომპანიების მხრიდან ინვესტირების შემთხვევაში საჭიროა ამ უწყების კონკრეტული თანხმობა. ეს არის სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ეკონომიკის მინისტრი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, პირველ რიგში, ქართული პროექტია, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ინტერესებს. ამასთან, როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს სახელმწიფოს გადამწყვეტი როლი ექნება პროექტის განხორციელებაში და ინვესტორის შერჩევის შემდგომ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო კომპანიას 51% წილი, ხოლო კერძო პარტნიორს 49% ექნება.


„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სამუშაოები გასავლელი - რამდენიმეთვიანი პროცედურები, როცა დიალოგი გვექნება ინვესტორობის პრეტენდენტთან, ვიდრე საბოლოოდ მოხდება საპარტნიორთაშორისო შეთანხმების გაფორმება. ამ პროცესში ჩართული გვყავს საერთაშორისო წამყვანი იურიდიული კონსულტანტები" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.