17-10-2018
17 ოქტომბერს საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღვაწლმოსილ აფხაზ ქალბატონს სვეტლანა ქეცბას 85 წელი შეუსრულდებოდა.
ფასდაუდებელია სვეტლანა ქეცბას ღვაწლი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში ქართულ-აფხაზური კულტურისა და ურთიერთობის შენარჩუნების საქმეში.
აფხაზი ქალბატონი დაუღალავად ემსახურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეას, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების დათბობასა და მათ შორის შერიგების ხიდის აღდგენას.
სვეტლანა ქეცბას ცხოვრება და მოღვაწეობა მუდმივად აფხაზეთთან იყო დაკავშირებული. ის სხვადასხვა დროს ქალაქ სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის და აფხაზეთის კულტურის მინისტრის თანამდებობებზე, ხოლო სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა.
სვეტლანა ქეცბას სიცოცხლეშივე მიენიჭა ღირსების და წმინდა გიორგის ოქროს ორდენები. ის, ასევე, დაჯილდოებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ქართული და აფხაზური კულტურის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის, ორი მოძმე ხალხის ურთიერთობების, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.
აფხაზი ქალბატონის სვეტლანა ქეცბას მიერ ღირსეულად განვლილი ცხოვრების წლები, აქტიური სამსახურებრივი საქმიანობა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უანგარო სიყვარულის, მის ნათელ მომავალზე ზრუნვისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღსადგენად საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გახარჯვის საუკეთესო და მისაბაძი მაგალითია.