გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ომბუდსმენმა სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო მოინახულა

17-10-2018

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს ა. ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ მოინახულა და მისი რეკომენდაციების შესრულების შემოწმების მიზნით, დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.


სახალხო დამცველმა ფსიქიატრიული საავადმყოფოს მონიტორინგი მიმდინარე წლის 5 მარტს ჩაატარა, როდესაც არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემო პაციენტებისთვის ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებად შეაფასა.


საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობაზე სახალხო დამცველი ადრე არაერთხელ მიუთითებდა თავის ანგარიშებში. ასევე, რეკომენდაციებით მიმართავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებსა და თერაპიულ გარემოში მოთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვდა.


ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარტის მონიტორინგის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების, მძიმე ყოფის ამსახველი ფოტომასალის გავრცელების და მედიის განსაკუთრებული აქტივობის შედეგად – დღეს დაწესებულებას ახალი მენეჯმენტი ყავს, რომელიც არსებული ბიუჯეტის ფარგლებშიც კი ახორციელებს ძირეულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს.


„ჩემი ვიზიტის მიზანია იმის ნახვა, თუ რა ვითარებაა, რა გაკეთდა, მოვისმინე ასევე სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება წარმატებული მაგალითი იქნება, რომ მონდომების, ყურადღებისა და არსებული თანხის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება თუნდაც, ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მოწესრიგება. ამიტომ, მეტი ყურადღებაა საჭირო სამინისტროს მხრიდანაც მსგავსი ტიპის დაწესებულებების მიმართ.


მიხარია, რომ ჩვენს აქტიურობას, ასევე მედიის აქტიურობას რეალური შედეგი მოყვა. შედარებაც არ შეიძლება იმ პირობებთან რაც იყო. თუმცა, არც სხვა დაწესებულებებში არის კარგი მდგომარეობა და მე პირადად გავაგრძელებ სხვა დაწესებულებების მონიტორინგს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბარში.


სახალხო დამცველი აგრძელებს დახურული დაწესებულებების მონიტორინგს და ამ მიზნით ნინო ლომჯარია დასავლეთ საქართველოში მიემგზავრება.