გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის International Wine Competition გამარჯვებულები გამოვლინდნენ

10-06-2024

კონკურსზე ოქროს მედალი 21-მა ღვინომ დაიმსახურა, მათგან ექვსმა გამორჩეულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო, „ტროფი“ მიიღო. ვერცხლის მედლით 77 და ბრინჯაოს მედლით 96 ღვინო დაჯილდოვდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში, 76 კომპანიის წარმოებული 226 ღვინის ნიმუში, –აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


მათივე ცნობით, აღნიშნული კონკურსი International Wine Competition ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia ფარგლებში ჩატარდა.


გამარჯვებულ კომპანიებს ჯილდოები გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ და კონკურსის ჟიურის სხვა წევრებმა გადასცეს.


„აღნიშნული კონკურსი საუკეთესოდ წარმოაჩენს ქართული ღვინის ხასიათს და მეღვინეობის თანამედროვე მდგომარეობას. როგორც ჟიურის წევრი, აღვნიშნავ, რომ კონკურსზე წარმოდგენილი იყო საუკეთესო ღვინოები. მადლობა ჟიურის თავმჯდომარეს და ყველა წევრს, რომლებმა შეაფასეს ქართული ღვინოები. აღნიშნული კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართული ღვინის და მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციის, ასევე კონკრეტული ღვინის მწარმოებლების და მათი პროდუქციის ცნობადობის ზრდისთვის საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე ექვს გამორჩეულ ღვინოს სპეციალური პრიზი „სომელიეს არჩევანი“ გადასცა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმაც.


კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ენოლოგები, საერთაშორისო ექსპერტები და ღვინის პროფესიონალები შედიოდნენ. კონკურსის თავმჯდომარე იყო ღვინის მაგისტრი ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი), ხოლო წევრები: ანა მარტინ ონზანი (ესპანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ქონგ ქონგ ბო (დიდი ბრიტანეთი), ბეთ ვილარდი (ავსტრალია), ჩან ჯუნ პარკი (კორეის რესპიბლიკა), ლევან მეხუზლა (ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე (საქართველო), მიხეილ მესხი (საქართველო), ანა გოდაბრელიძე (საქართველო) და გიორგი დაქიშვილი (საქართველო).


ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024, თბილისში 7-9 ივნისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა.