გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშოს კარში ეტლი არ ეტევა

18-10-2018

ახალციხის ციხეზე შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო დაკეტილია. ტუალეტის კარში ეტლი არ ეტევა და ამიტომ მისი ფუნქციონირება ეტლით მოსარგებლეებისთვის ფიზიკურად შეუძლებელია.

 

ახალციხის ციხეზე ორი საპირფარეშოა. ერთი ზედა, მეორე კი ციხის ქვედა ტერიტორიაზე. შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო მოწყობილი მხოლოდ ქვედა ტერიტორიაზეა, თუმცა, იქამდე ეტლით მისვლა შეუძლებელია, შესასვლელში კიბეებია ასავლელი და პანდუსი არაა. ასეც რომ არ იყოს, ეტლით მოსარგებლე ტუალეტში მაინც ვერ შევა, 2012 წელს, როცა ციხის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, შშმ პირებისთვის ადაპტირებულ საპირფარეშოს პატარა კარი გაუკეთეს.

 

„მე რომ დავინიშნე დაკეტილი დამხვდა იმ მიზეზით, რომ ეტლი შიგნით არ ეტეოდა. როდის დაკეტეს არ ვიცი“, – ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე შვიდი თვის წინ დაინიშნა, თუმცა, ამ დრომდე ხარჯთაღრიცხავაც კი არ შეუდგენია იმის გასარკვევად, თუ რა დაჯდებოდა ციხის ბიუჯეტისთვის ტუალეტის კარის შეცვლა.

 

შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპირფარეშოსთვის კარის შეცვლაზე არც მის წინამორბედებს უფიქრიათ. ილია სიდამონიძე ციხეს 2014–2016 წლებში ხელმძღვანელობდა, თუმცა შესაბამისი კარის მოწყობა ტუალეტისთვის ვერ მოახერხა. ამბობს, რომ მიზეზი არასაკმარისი თანხები იყო, მაგრამ შეკითხვაზე, რა ჯდებოდა ერთი კარის შეცვლა, სიდამონიძე გვპასუხობს, რომ „არ დაუთვლია“.

 

საპირფარეშოს ფუნქციონირება ვერც სიდამონიძის შემდეგ დანიშნულმა დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა მოახერხა. ამჟამად იგი ახალციხის მერიაში კულტურის სამსახურის ხელმძღვანელია.

 

„ჩვენ გვსურდა კარის და მისასვლელის მოწესრიგება, მაგრამ კედლის მონგრევა ვერ ხერხდებოდა“, – გვითხრა ზაზა თამარაშვილმა, რომელიც ციხეს 2016–2017 წლებში ხელმძღვანელობდა.

 

ახალციხის ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძე, რომლის დროსაც ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამბობს, რომ საპირფარეშოს კართან დაკავშირებთ ინფორმაცია არ აქვს: „ძველი ნაგებობაა და მისი უბრალოდ რეაბილიტაცია მოხდა, რაც იყო შესაძლებელი გაკეთდა, მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩვენ გავაკეთეთ საპირფარეშო შშმ პირებისთვის, დანარჩენი არ ვიცი“.

 

ციხის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საპირფარეშოს შესასვლელ კარს წელს შეცვლიან. ამას ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც გვიდასტურებენ.

 

„სავარაუდოდ, ბიუჯეტში კორექტირებას ერთ თვეში შევიტანთ და წელს დავიწყებთ როგორც კარის, ისე მისასვლელი გზის ადაპტირებას და სავარაუდოდ, წელსვე დავასრულებთ“, – ამბობს დავით ტაბატაძე.

 

ციხის ტერიტორიაზე საპირფარეშო არაა ერთადერთი ადგილი, სადაც შშმ პირებს დამოუკიდებლად მისვლა ეზღუდებათ. არაადაპტირებულია სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“, ციტადელი, რესტორანი „რაბათი“, კაფე „გოლდენ თაიმი“, ადმინისტრაციული შენობა და სხვა ობიექტები.

პანდუსით უზრუნველყოფილი ციხის ტერიტორიაზე მხოლოდ სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის შესასვლელია. თუმცა, აქამდე მისვლა შშმ პირებს, შემოვლითი გზით, ციხის ზედა ტერიტორიიდან შეუძლიათ. ციხის ქვედა ტერიტორიიდან, სადაც ბილეთბი იყიდება და ვიზიტორთა ცენტრია, ზედა ნაწილში შშმ პირი ვერ მოხვდება.

 

„ეტლით ვინც არის, იმას ციხის ზედა ტერიტროიიდან ვუშვებთ. ერთადერთი ციტადელზე ვერ ავლენ, ის ისეთი ადგილია, რომ ფიზიკურად პანდუსის გაკეთება შეუძლებელია“, – ამბობს ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხემ 22 სექტემბერს შშმ პირთა ფესტივალს უმასპინძლა. ამ დღეს ციხის ტერიტორიაზე მათთვის გაიმართა არაერთი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც რეგიონის გუბერნატორი და ქალაქის მერი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდა.



sknews.ge