გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეკა სეფაშვილი: ო’ ბრაიენის განცხადება არ იყო უბრალოდ წამოცდენა - მათი ინტერესია საქართველოს არა მხოლოდ ომში ჩართვა, არამედ შუა დერეფნის, ციფრული და ენერგეტიკული ჰაბის კონტროლი

13-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ეხმიანება ო’ ბრაიენის განცხადებას, სადაც ის საქართველოს მიმართ აშშ-ის ინტერესზე საუბრობს.


დეპუტატის განმარტებით, ამერიკის ინტერესი მისთვის ცნობილია და ამაზე არაერთხელ უსაუბრია.


ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ უცხო ძალების მიზანია, ქვეყანაში ჰყავდეთ ხელისუფლება, რომელიც მათ დაემორჩილება, ამის შედეგად კი ისინი შეძლებენ აკონტროლონ შუა დერეფანი და ციფრული და ენერგეტიკული ჰაბი.


„რევოლუციური მოწოდებები ხდება, რადგან არჩევნების გზით საქართველოში ხელისუფლება ვერ შეიცვლება, მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციით უნდა შეიცვალოს და ერთი ყველაზე მსხვილი მიზეზი, რის გამოც უნდათ ეს ცვლილება, არის საქართველოს ომში ჩართვა. არსებობს ასევე სხვა მიზეზებიც, თუ რატომ სურთ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის სათავეში ისეთი მმართველობის მოყვანა, რომელიც უპირობოდ და უსიტყვოდ შეასრულებს გარე ძალების დაკვეთას.


ერთ - ერთი არის სწორედ ეს დერეფანი და ეკონომიკური ინტერესი. საქართველო ამ შუა დერეფნის ცენტრალური შემადგენელი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ჩინეთიდან და ზოგადად, აღმოსავლეთიდან ტვირთების გადაზიდვას ევროკავშირის მიმართულებით და არა მარტო ტვირთების, საუბარი ეხება ციფრულ ჰაბს, ენერგეტიკულ ჰაბს და რა თქმა უნდა, გლობალური მოთამაშეების ინტერესია ამ მსხვილი ინდუსტრიული კომუნიკაციების გაკონტროლება.


თუმცა, პირველ ეტაპზე, მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ომში ჩართვა იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაასუსტონ რუსეთი ეკონომიკურად და პოლიტიკურად, რის შემდეგაც მოდის ეკონომიკური ინტერესები, რომლის გაკონტროლებაც სურთ. ო’ ბრაიენის ეს წამოცდენა, რომ მათ აქვთ ინტერესი, თავისთავად ნათელია და ჩვენ არაერთხელ მიგვითითებია ამაზე. ახლა საუბარი ეხება იმას, თუ რამდენად იქნება საქართველო რომელიმე უცხო ძალის მიერ გაკონტროლებული და ვის სასარგებლოდ იმოქმედებს. რეალურად, ახლა საქართველო ცდილობს, რომ თვითონ აკონტროლოს ეს დერეფანი და თვითონ იყოს ამ დერეფნის გამტარუნარიანობის, ტარიფების დაწესების და საშინაო ეკონომიკის მთელი ამ სიკეთეების განმკარგველი. ამას ეწინააღმდეგებიან გლობალური მოთამაშეები, პირველ რიგში, გლობალური ომის პარტია, რომელსაც რა თქმა უნდა, არ აქვს ინტერესი, საქართველომ გადაწყვიტოს ეს ყველაფერი.


საბოლოოდ, მიზეზების იერარქია რომ გავაკეთოთ, პირველ რიგში არის საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე, რაც არ განელებულა, უბრალოდ ახლა ისე მწვავედ აღარ დგას, მაგრამ დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი, მეორე კი - ინდუსტრიული ჰაბი და ტვირთნაკადების გაკონტროლება. ასევე არის მთელი რიგი სხვადასხვა მიზეზი, იგივე ლგბტ პროპაგანდის დაშვება, რაც ასევე მათი დღის წესრიგის შემადგენელია. ეს არის მიზეზები, რის გამოც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დასავლეთში ზოგიერთებს არ მოსწონთ,“- აღნიშნა სეფაშვილმა.