გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ადეკვატურად იზრდებოდეს ხარისხის ინფრასტრუქტურა

14-06-2024

„მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად ადეკვატურად იზრდებოდეს ხარისხის ინფრასტრუქტურა, სხვა მხრივ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ვერ გავაძლიერებთ, რადგან გვესმის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, რომლის განუყოფელი ნაწილია საქართველო, ჩვენი პროდუქტების კონკურენტუნარიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული ხარისხთან" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა თბილისში, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ლაბორატორიის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.


ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მაღალტექნოლოგიური, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი კვლევითი დაწესებულების არსებობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის საქმიანობაც აგრარულ, ვეტერინარულ და სურსათის უვნებლობის სექტორებს მოიცავს.


„ეს ლაბორატორია შეიქმნა კერძო ინვესტიციით, რომელიც მხარდაჭერილია პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მიერ, შესაბამისად, ამ პროექტს სახელმწიფო გვერდში უდგას და დაფინანსების კუთხითაც ეხმარება. ხარისხის ინფრასტრუქტურა, წლებია, ქვეყანაში ყალიბდება ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბოლო წლებში, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად თანხვედრაშია ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან - ევროპასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, ეს არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის ძალიან დიდი ნაწილი უკავშირდება სანიტარული და ფიტოსანიტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამ კუთხით ქვეყანას დიდი პროგრესი გააჩნია, თუმცა, ეს არის ურთულესი ამოცანა, რადგან ჩვენ, ფაქტიურად, ახლიდან დავიწყეთ ხარისხის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება" - განაცხადა მინისტრმა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა აკრედიტაციის ცენტრის როლს ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. მისი თქმით, ახალი ლაბორატორია 17025 სტანდარტის მიხედვით არის აკრედიტებული, რაც არის საერთაშორისოდ აღიარებული და შესაბამისად, ლაბორატორიის მიერ გაცემული თითოეული სერტიფიკატი სრულად აღიარებულია იმ ბაზრებზე, სადაც პროდუქცია უნდა მოხვდეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ძალიან დიდი შრომაა გაწეული ქართული აკრედიტაციის აღიარებისთვის და იმ შედეგისთვის, რომ დღეს საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი საერთაშორისო სააკრედიტაციო სისტემის ნაწილია.


„როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, საღი გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს ხარისხის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობისთვის. ახალი ლაბორატორია გააძლიერებს დარგებს, რომლებსაც დაფარავს თავისი აკრედიტაციის მიხედვით, ლაბორატორიული კვლევები ასევე პირდაპირ კავშირშია ცოდნასა და კომპეტენციასთან და მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიას ექნება სასწავლო ცენტრიც, სადაც მომზადდებიან შესაბამისი სპეციალისტები" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ და 500-მდე მაღალკვალიფიციური კვლევის ჩატარების საშუალებას იძლევა. ლაბორატორიის მომსახურება მოიცავს ფართო დარგობრივ სპექტრს - კვების პროდუქტების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტები, სასტუმროები, სამკურნალო-პროფილაქტიკური, ვეტერინარული დაწესებულებები და ა.შ. ლაბორატორია მომხმარებელს სურსათის უვნებლობის (HACCP) მიმართულებით სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის სრულ ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს სასმელ, ზედაპირულ და მინერალურ წყლებზე, ხორცისა და რძის პროდუქტებზე, ასევე შესაძლებელია პურ-ფუნთუშეულის, მარცვლეულისა და თხილეულის კვლევები.